თამარ გაბუნია - 25 000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და ის გამოკვლევები დაიფარება, რაც პაციენტს მკურნალობის დაგეგმვისა და შედეგის შეფასების მიზნით სჭირდება
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასა და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული მედიკამენტები, რომლებიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის არის საჭირო, სრულად დაფინანსდება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, წლის განმავლობაში 25 000-ლარიანი ლიმიტის ფარგლებში სამედიცინო
სერვისი, სხივური თერაპია და ის გამოკვლევები დაიფარება, რომლებიც პაციენტს მკურნალობის დაგეგმვისა და შედეგის შეფასების მიზნით ესაჭიროება.
რაც შეეხება მედიკამენტებს, 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც ამ დროისთვის, შეიძლება, ამოწურული ჰქონდეთ 25 000-ლარიანი ლიმიტი.
თამარ გაბუნიას განმარტებით, აღნიშნულის შედეგად, პაციენტს შესაძლებლობა აქვს, გაიდლაინების შესაბამისად, მკურნალობის სრული კურსი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფაროს.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.