თამარ ჟვანია - ვფიქრობ, ბათუმის მე-19 ოლქის შემთხვევა იყო ადამიანური, შეიძლება, გაუაზრებელი შეცდომა
ვფიქრობ, ბათუმის მე-19 ოლქის შემთხვევა იყო ადამიანური, შეიძლება, გაუაზრებელი შეცდომა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.
„ნომერ 5 სუბიექტს 1 100-ზე მეტი ხმა უწერია და სადღაც, 1 000-ზე მეტი ხმა უწერია 41 სუბიექტს. ანუ, ორივეს 1 000-ზე მეტი ხმა უწერია. ამ შემთხვევაში, ყველაზე საუკეთესო შედეგების მქონე სუბიექტს და იმ უბანში მონაწილეთა ასეთი რაოდენობა არ არსებობს. ხვალ, რა თქმა უნდა, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია ამაზე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ წინასწარი ახსნა-განმარტებებით, რა ინფორმაციაც უბნიდან გვაქვს, მათ მოახდინეს ყველა შემაჯამებელ ოქმში არსებული მონაცემების დაჯამება. იქ ოთხი ბიულეტენი იყო, ოთხი სხვადასხვა ოქმი შედგა და შესაბამისად, ჯამები შეიტანეს, ნაცვლად იმისა, რომ თითოეული სახეობის არჩევნებში შესაბამისი ხმები ყოფილიყო სუბიექტების მიხედვით შეტანილი“, – განაცხადა ჟვანიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მოხდება ასეთ უბანზე და როგორი იქნება რეაგირება, თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ამაზე ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია ხვალ იმსჯელებს.
„ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია ხვალ ამაზე იმსჯელებს და უკვე არსებული მონაცემების მიხედვით, რომელიც სუბიექტების მიერ მიღებული ხმებია და შესაბამისად, ეს ხმები არის შესაბამისი სახეობის არჩევნების მიხედვით დათვლილი და დალაგებული, ამ ხმების მიხედვით მოხდება გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ. წესით და კანონით, ეს მათი გადასაწყვეტია, რადგან კომისიას სრული დისკრეცია აქვს და ამ საკითხზე ისინი არიან უფლებამოსილი, მაგრამ რა თქმა უნდა, ოქმი უნდა შედგეს იმის მიხედვით, რაც არის ოფიციალური შედეგი, რაც დაითვალა იმ უბანმა და არა დაჯამებული შედეგები აისახოს სათითაოდ, სხვადასხვა სახის არჩევნებზე. მე ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან გაუგონარი და მიმაჩნია, რომ ადამიანური, შეიძლება, გაუაზრებელი შეცდომა“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
მისი თქმით, პანდემიამ საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაზე და განსაკუთრებით, საუბნო საარჩევნო კომისიებზე სერიოზული ზეგავლენა მოახდინა.
„წინა დღეებში, როდესაც ეს უკავშირდებოდა უსაშველოდ დიდ ლოჯისტიკას, როდესაც რისკჯგუფის მქონე ამომრჩევლებისთვის დამატებით შეიქმნა სპეცუბნები, იყო პერსონალური დაცვის საშუალებები და იყო ლოჯისტიკური ძალიან სერიოზული, მათ შორის, საარჩევნო დოკუმენტაციის მიწოდების კრიტიკულად მცირე ვადები, ამ ადამიანებს პრაქტიკულად, არ ეძინათ 48, 72 საათი და არჩევნების დღეს ეს აისახა საუბნო კომისიების მუშაობაზე. პანდემიის გამო არჩევნების წინა დღეს, ან ორი დღით ადრე, ძალიან ბევრგან მოგვიწია კომისიის წევრების შეცვლა. პანდემიიდან გამომდინარე მათ უწევდათ ამ სამუშაოს შესრულებაზე უარის თქმა, თვითიზოლაციის, კოვიდინფექციის, ან კონტაქტის გამო. ეს საკითხები, რა თქმა უნდა, აისახა კომპეტენციაზე. რა თქმა უნდა, მათ დაშვებული აქვთ ნამდვილად ბევრი შეცდომა, ადამიანური შეცდომები“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.