თამარ ჟვანია - იმ შემთხვევაში გადავდგები, თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთი რეაგირება, როგორიც საჭიროა
თამარ ჟვანია იმ შემთხვევაში მიიღებს გადადგომის გადაწყვეტილებას, თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთი რეაგირება, როგორიც საჭიროა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ოპოზიციის მიერ მისი გადადგომის მოთხოვნის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„თამარ ჟვანია იმ შემთხვევაში მიიღებს გადადგომის გადაწყვეტილებას, თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთი რეაგირება, როგორიც საჭიროა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამას ვამბობ იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხალხის ნება იყოს ზუსტად, ზედმიწევნით, აკურატულად გადმოცემული, რაც წლების განმავლობაში ასე ხდებოდა, რაც აღიარებულია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, აღიარებულია ხმების პარალელური დათვლის შედეგებით. ამიტომ, როდესაც პოლიტიკური მიზნებით, ვინმე შედეგების ნამდვილობის საკითხს აყენებს, ეს არასწორია. აიღოს ყველამ ოქმი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. თითოეულ მოქალაქეს შეუძლია დათვალოს ის, რასაც ცესკო გამოაქვეყნებს. თუ რომელიმე იქნება არასწორი, შემდეგ ვისაუბროთ დანარჩენზე“, – განცხადა თამარ ჟვანიამ.
ამასთან, ჟვანიას თქმით, ის, რომ რვა პოლიტიკური პარტია ითხოვს მის გადადგომას, მანიშნებელია იმისა, რომ ისინი პატივს არ სცემენ საარჩევნო ადმინისტრაციას.
„ჩემთვის ეს არის უბრალოდ იმის მანიშნებელი, რომ ისინი პატივს არ სცემენ იმ შედეგებს, რომლებიც ხალხმა ასახა ყუთში და ისინი პატივს არ სცემენ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული, როგორც პროფესიონალი ადმინისტრაცია, საერთაშორისო ჯილდოებს იღებენ და ისინი ქმნიან ისეთ სერვისს, რომელიც ამომრჩეველს ძალიან მაღალ დონეზე ემსახურება. მთავარია, რა არის მოთხოვნის საფუძველი. შედეგი იქნება ზუსტად, სწორად ასახული და ამას ჩვენ ვნახავთ ზუსტად იმ ვადებში, რაც კანონმდებლობით არის დადგენილი“, – განაცხადა ჟვანიამ „ღამის კურიერში“.