თამარ ჟვანია ცესკო-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ცესკო-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს.
„მოვუწოდებ საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, მოვიდნენ აქ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ წინასწარი შედეგები არ ნიშნავს საბოლოო შედეგებს, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ასე ცხადდება წინასწარი შედეგები, შემდგომ საბოლოოდ ჩამოყალიბება და საბოლოო წინასწარი შედეგების გამოცხადება. მოვუწოდებ ადგილობრივ დამკვირვებლებს, იმ პირებს, რომლებიც არ არიან პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეები, ძალიან ვთხოვ ყველას, მისცენ საშუალება საარჩევნო ადმინისტრაციას, მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ დათვალონ ხმები ზუსტად ისე, როგორც წლების განმავლობაში ითვლებოდა აბსოლუტურად სწორად და ეს დასტურდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციის პარალელური დათვლის შედეგებით. ჩვენ საბოლოო შედეგებს გამოვაცხადებთ 100 პროცენტი უბნების საფუძველზე. ახლა კი მინდა, ყველას შემოგთავაზოთ, რომ დავრჩეთ ერთად დილამდე, ლაივრეჟიმში ვუყუროთ შედეგების განახლებას და ვნახოთ, როგორი იქნება წინასწარი შედეგები, რომელსაც ცესკო დანარჩენი, თითქმის 2/3-ზე მეტი საარჩევნო უბნების საფუძველზე დაამუშავებს და საჯაროდ გამოაცხადებს“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აცხადებდა, ინციდენტი მოხდა. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ცესკო-ს წევრებმა „ქართული ოცნების“ მაღალი შედეგი გააპროტესტეს.