თამარ ჟვანია აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა შეთანხმებული არ ყოფილა
თამარ ჟვანია აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა შეთანხმებული არ ყოფილა

ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, გურამ ჩალაგაშვილთან, ლევან თარხნიშვილთან და ზურაბ ხარატიშვილთან შეხვედრა შეთანხმებული არ ყოფილა.

ამასთან, თამარ ჟვანიას განცხადებით, ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარეები უკვე პოლიტიკური მხარეები არიან და აღნიშნა, რომ კენჭისყრის წინა დღეს ასეთი შეხვედრა, გამორჩეულად რომელიმე კანდიდატთან მიუღებელია.

„შეხვედრა არ ყოფილა შეთანხმებული საერთოდ. ვინმე თუ რამეს საკუთარი ნებით და ინიციატივით აანონსებს, ცხადია, ასე შეხვედრები არ იმართება. მით უმეტეს, ასეთ საარჩევნო პერიოდში. ამასთან, ყოფილი თავმჯდომარეები არიან უკვე პოლიტიკური მხარეები. კონკრეტულად ორი მათგანი კანდიდატია და კენჭისყრის წინა დღეს ასეთი შეხვედრა, გამორჩეულად რომელიმე კანდიდატთან მიუღებელია და არ შეიძლება, ნებისმიერი კანდიდატი იყოს უპირატეს მდგომარეობაში. ამასთან, ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილიც წარმოადგენს პოლიტიკურ მხარეს. ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ცესკო-ში. ოფიციალურად აკრედიტებულია და უფლება აქვს, დაესწროს სხდომას“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

დღეს ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ზურაბ ხარატიშვილმა, ლევან თარხნიშვილმა და გურამ ჩალაგაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თამარ ჟვანიასთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა შეხვედრაზე მათ უარი განუცხადეს.