თამარ ჟვანია - 2016 წელსაც შემაჯამებელი სხდომა ზუსტად ასე დატოვა კომისიის ორმა წევრმა, თუმცა პარლამენტი ოთხი წლის განმავლობაში მაინც მუშაობდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, კომისიის წევრებმა – დავით კირთაძემ და დავით გურგენიძემ 2016 წლის შემაჯამებელ სხდომაზეც იგივე შინაარსის პოზიციები დააფიქსირეს, რაც დღეს და სხდომა მაშინაც დატოვეს.
ჟვანიას განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდებებისა, 2016 წლის არჩევნების შემდეგ, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ოთხი წლის განმავლობაში იმუშავა.
მისივე თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დღის წესრიგში არ დამდგარა.
„ჩვენ ახლა ცხადად ვნახეთ პოლიტიკური პოზიციების გამოხატვა კომისიის წევრების მიერ. ამავდროულად, ალბათ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს 2016 წლის არჩევნებზე ზუსტად ასე დატოვეს კომისიის იმავე წევრებმა სხდომა, გარდა ქალბატონი ხათუნასი. მაშინაც ასეთი პოზიციები გამოხატეს. ამიტომ ეს ჩემთვის ახალი არ არის. 2016 წელსაც ზუსტად ასე დატოვეს შემაჯამებელი სხდომა კომისიის ორმა წევრმა, თუმცა 2016 წლის არჩევნების შედეგად, პარლამენტი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა. ვურჩევდი ყველას, გაეხსენებინათ ის პერიოდი, მათ შორის ეს არჩევნებიც ჩატარებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ შემადგენლობის მიერ.
ამ არჩევნებთან დაკავშირებით ცხადია, გამოთქმულია გარკვეული შენიშვნები. ჩვენ დაველოდებით საერთაშორისო ორგანიზაციების საბოლოო ანგარიშებსაც, მაგრამ ერთს ვიტყვი – ამ ქვეყანაში ყველამ ძალიან კარგად იცის საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი შეფასება და მათი პოზიცია, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი საერთაშორისო პარტნიორების მიერ არ დამდგარა“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დავით გურგენიძემ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, ხათუნა სხირტლაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.