თამარ ჟვანია - 2008 და 2012 წლებში არჩევნები სამუშაო დღეს ჩატარდა, თუმცა საზღვარგარეთ ოლქებში პრობლემა არ შექმნილა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცესკოს დღევანდელ სხდომაზე პირველი საკითხის განხილვის გადადებას ითხოვენ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურ შეჯამებას ეხება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის განცხადებით, სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა არამხოლოდ საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს, არამედ ქვეყნის შიგნითაც შეუქმნის ამომრჩევლებს პრობლემას კენჭისყრაში მონაწილეობაზე. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, დავით გურგენიძის განცხადებით კი, ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელოვნურად გააჭიანურა საარჩევნო დავები, რათა მეორე ტურის თარიღი შუა კვირაში დანიშნულიყო.
ოპოზიციის წარმომადგენლებს სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ უპასუხა. მისი თქმით, ცესკო მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული ინსტიტუტია, რაც საარჩევნო კომისიამ პირველ ტურში დაამტკიცა.
„ვერ დაგეთანხმებით, რომ ვიღაცას აქვს გასაჩივრების უფლება და ვიღაცას არა. ცესკო-მ უნდა შეაჯამოს შედეგები სასამართლო დავების დასრულების შემდეგ. დავები დასრულდა გუშინ“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.
ოპოზიცია ამბობს, რომ თუ არჩევნები შუა კვირაში დაინიშნება, საზღვარგარეთ მათი წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე ვერ მივლენ.
ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით კი, მათ გადაამოწმეს და 2008 და 2012 წლებში, როდესაც არჩევნები სამუშაო დღეს ჩატარდა, საზღვარგარეთ ოლქებში პრობლემა არ შექმნილა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ოფიციალურად უნდა შეაჯამოს. კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტური შედეგების ოფიციალური შეჯამებიდან ორი კვირის თავზე ინიშნება.