თამარ ჩუგოშვილი - ოპონენტების მიერ ზუგდიდში დიდი რაოდენობით ადამიანების მობილიზება შესაძლოა, სერიოზული დაძაბულობის საბაბი გახდეს
საარჩევნო მასალების გადატანასთან დაკავშირებული თემა სრულიად ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ზუგდიდში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, პოლიტიკური ოპონენტები აპირებენ ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანების მობილიზებას ზუგდიდში საარჩევნო დღისთვის. როგორც ჩუგოშვილი აცხადებს, თუ ეს ადამიანები განლაგდებიან საარჩევნო უბნებთან, რაც შეიძლება, სერიოზული დაძაბულობის საბაბი გახდეს.
„ზუგდიდში უკვე ჩანს საკმაოდ დაძაბული ფონი. ერთ-ერთი, რითიც ეს დაიწყო, სხვა პროცესებთან ერთად, იყო ე.წ. საარჩევნო მასალების გადატანასთან დაკავშირებული თემა, რომელიც სრულიად ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია. არანაირ კანონდარღვევას კომისიების მხრიდან ამ მასალების გადაცემის დროს ადგილი არ ჰქონია. ეს, როგორც ვიცი, დაადასტურეს სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც.
შესაბამისად, ცარიელ ადგილზე საკმაოდ დიდი ვნებათღელვა ატყდა. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი ოპონენტები აპირებენ ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანების მობილიზებას ზუგდიდში საარჩევნო დღისთვის. ამიტომ ჩვენ, მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც ვთხოვეთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ და თუ შესაძლებელია, პრევენცია გააკეთონ ზუგდიდში სხვა ქალაქებიდან დიდი რაოდენობით დამიანების მობილიზების კუთხით. ეს აუცილებლად გამოიწვევს საარჩევნო დღეს სრულიად ზედმეტ და არასაჭირო დაძაბულობას, შესაძლებელია, ხელი შეუშალოს ამომრჩეველს თავისი არჩევანის დაფიქსირებაში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, არჩევნების დღეს, როგორც ცესკო, ასევე შსს მომართული არიან, რომ განახორციელონ საკუთარი მანდატი.
„მაგრამ, იმ პირობებში, თუ მასშტაბური პროვოკაციული ფონი იქნება, სახელმწიფო უწყებებისთვის ეს საკმაოდ დიდი გამოწვევა იქნება. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ უნდა მივცეთ ზუგდიდის მცხოვრებლებს საშუალება, მშვიდად და წყნარად გააკეთონ არჩევანი და არა იმ ფონზე, რასაც ვაკვირდებით ამ დღეების განმავლობაში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.