თამარ ჩუგოშვილი - ყველას გვაქვს ერთი მთავარი ამოცანა, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის გამტარუნარიანობა გავზარდოთ
ყველას გვაქვს ერთი მთავარი ამოცანა, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის გამტარუნარიანობა გავზარდოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.
ოპოზიციის მიერ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ კაკაურიძის პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ მინისტრის დაბარების უფლება აქვს ოპოზიციის ფრაქციებს, პარტიებს და ეს უფლება გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით. ვიცე-სპიკერის განმარტებით, ფრაქციას ეკონომიკის მინისტრის დაბარება შეუძლია შესაბამის კომიტეტში და ამისთვის უმრავლესობის თანხმობა არ სჭირდება.
„მინისტრმა საკმაოდ მკაფიოდ და ნათლად განმარტა, რომ აქტი, რომელზეც იყო შეშფოთება თუ კითხვები, არის გაუქმებული. ეს არის მის მანდატში შემავალი გადაწყვეტილება და შესაბამისად, თუკი მინისტრი ამბობს, რომ აქტი გაუქმებულია, ესე იგი, აქტი გაუქმებულია“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
რაც შეეხება ანაკლიის პორტს, მისი თქმით, ეს არის ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტი.
„ჩვენ ყველას გვაქვს ერთი მთავარი ამოცანა, რომ ჩვენი ქვეყნის გამტარუნარიანობა, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, გავზარდოთ და ამასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი რამ, მათ შორის ეკონომიკური მომავალი, უსაფრთხოების მომავალი და ასე შემდეგ. ამიტომ, ეს ყველაფერი მგონია სპეკულაციები თემის გარშემო. ზუსტად ვიცი ამ მთავრობის დამოკიდებულება ანაკლიის პორტის მიმართ და ეს პროექტი ნამდვილად პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.