თამარ ჩუგოშვილი - ვფიქრობ, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას მხარს არ დავუჭერ
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ბრალდებული ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. თამარ ჩუგოშვილის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
მისი თქმით, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის ჩამორთმევას მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ ძალიან რთული საქმე იყო და პარლამენტში შეჭრასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ეხებოდა, რაც შეეხება ამ შემთხვევას, ჩუგოშვილი ამბობს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვებია.
„პარლამენტს ასეთი პრეცედენტი არ ჰქონია, ანუ ამ კონკრეტული საფუძვლით დანაშაულის ჩადენის გამო არასდროს პარლამენტის არც ერთი წევრისთვის მანდატი არ შეუწყვეტია, თუ გამოვა ეს საკითხი, ალბათ პირველად აღმოვჩნდებით ყველა ჩვენთაგანი… ისეთ საკითხებზე გვიწევს კენჭისყრა, არასდროს რომ არ ყოფილა გამოყენებული პარლამენტში.
იმუნიტეტის მოხსნა სულ სხვაა. მე მაშინ მივეცი ხმა მისი იმუნიტეტის შეჩერებას იმისთვის, რომ ის კონკრეტული საქმე გამოძიებულიყო და ვინაიდან საქმე იყო ძალიან რთული და პარლამენტში შეჭრასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ეხებოდა, ამ კონკრეტული დანაშაულის გამოძიებისთვის მის ჩაყენებას რიგითი მოქალაქის მდგომარეობაში მე მაშინ მხარი დავუჭირე და ეს არის ჩემი სრულიად გაცნობიერებული მიღებული გადაწყვეტილება თავის დროზე. რაც შეეხება არა იმუნიტეტის მოხსნას, არამედ მთლიანად მანდატის ჩამორთმევას იმ საფუძვლით, რომელიც ჯერჯერობით არასდროს გამოყენებული არ ყოფილა, მე ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო რთული საკითხია, კიდევ უფრო რთული არჩევანის წინაშე დააყენებს პარლამენტის წევრებს, მით უმეტეს, რომ პირველად ხდება და პრეცედენტი იქნება, ამიტომ ბევრ რამეზე იქნება ეს დამოკიდებული, რა ინფორმაცია მოვა პარლამენტამდე. ბევრი კითხვა უკვე გაჩნდა, ეს არის საქმე, რომელსაც შვიდი წელი არ უნდა დასჭირვებოდა და ამიტომ კითხვები გააჩინა ამ საქმემ და მარტივი გადაწყვეტილების წინაშე პარლამენტი ნამდვილად არ იქნება. ვფიქრობ, მე არ დავუჭერ ამ გადაწყვეტილებას მხარს, თუ დადგება დღის წესრიგში, თუმცა ვიცი, რომ ჯერჯერობით არ დგას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.