თამარ ჩუგოშვილი - ვფიქრობ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეების სია უკან უნდა გაიწვიოს
ვფიქრობ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეების სია უკან უნდა გაიწვიოს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.
„ვფიქრობ, სია უკან უნდა გაიწვიონ, რადგან კითხვები არსებობს როგორც ამ ათი ადამიანის შერჩევასთან, ასევე, ამ სიაში მყოფ ადამიანებთან დაკავშირებით. ახალი სიის შემოთავაზება უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურები გაჩნდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ამ განცხადებით თამარ ჩუგოშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, დადგება თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ათკაციანი სიის გაწვევის საკითხი ახალი რეგულაციების მომზადებამდე.
მისი თქმით, საბჭოს მიმართ ბევრი პრეტენზია არსებობს ხოლმე და თვითონ მათი რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანი იქნება, მსგავსი სპონტანური გადაწყვეტილებების ნაცვლად, ცოტა მეტი ჩართულობითი, ღია და გამჭვირვალე პროცესი უზრუნველყონ, რითაც მათი გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოებაში ნაკლები კითხვები გაჩნდება.
„გარკვეული ნაბიჯები, რომლებსაც ისინი დგამენ, სერიოზულ ზიანს მგონი, თვითონ მათ რეპუტაციას აყენებს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
თამარ ჩუგოშვილმა კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ სიიდან რამდენიმე ადამიანის მხარდაჭერა ნამდვილად გაუჭირდება.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე და რამდენიმე არამოსამართლე წევრს შორის მუდმივი დაძაბულობაა, მუდმივად არის პრობლემები საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმებთან დაკავშირებით და არის უამრავი პრეტენზია.
„ნაწილობრივ, ჩვენც, როგორც პარლამენტს, გვეკისრება პასუხისმგებლობა, რომ რაღაც კანონები მივიღოთ, რაც საბჭოს საქმიანობას უფრო განჭვრეტადს გახდის და უფრო მკაფიოდ დაარეგულირებს, მაგრამ ვფიქრობ, თვითონ საბჭოსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს საბჭოს შიგნით კონსოლიდაციის და ერთიანობის ჩამოყალიბებას, რადგან საბჭოს შიგნით ეს მუდმივი დაძაბულობა სასამართლოს რეპუტაციისთვის ძალიან დამაზიანებელია“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, მზად არის თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად, რადგან როგორც პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ გახდა ცნობილი, ხვალ გასაუბრებაზე ისევ ლევან მურუსიძეა დაბარებული, რომლის მიმართაც უფლედამცველებსა და პოლიტიკოსების ნაწილს არა ერთი პრეტენზია აქვთ, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ იუსტიციის საბჭოს საკუთარი ნაბიჯებით მუდმივად თვითდაზიანების მიყენების მცდელობები აქვს, რაც მისთვის ამოუხსნელია.