თამარ ჩუგოშვილი - ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ მოსამართლეთა არჩევის პროცესი სწორად წარიმართება  
თამარ ჩუგოშვილი - ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ მოსამართლეთა არჩევის პროცესი სწორად წარიმართება  

პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, მისთვის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტი იყო ის, რომ ყურადღება მოსამართლეთა არჩევის პროცესზე გამახვილდა.

თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც ამ მოწვევის პარლამენტს მოუწევს.

„პროცესი, როგორ ვარჩევთ და ვის ვარჩევთ, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამ განცხადებაშიც აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ ამ პროცესს აქვს მნიშვნელობა და როგორ წარიმართება ის, ამ ყველაფერს პარლამენტმა შესაბამისი ყურადღება და სათანადო გულისხმიერება უნდა დაუთმოს.

ჩემთვის ამის ამოკითხვა განცხადებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა, რომელიც ფიქრობს, რომ პარტიის თავმჯდომარის განცხადების შემდგომ პროცესი სწორად წარიმართება, ჯერ სწორი კანონის მიღებით, შემდეგ კი ამ კანონის მიხედვით კანდიდატურების შერჩევით.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა.