თამარ ჩუგოშვილი - ვერანაირ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი ვერ იქნება, ქვეყანაში არანაირი კრიზისი არ არის
ვერანაირ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი ვერ იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ოპოზიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით განუცხადა.
რაც შეეხება დიალოგს, მისი თქმით, ცივილიზებული მოთხოვნების შემთხვევაში, საქმიანი საუბარი შესაძლებელია.
„ვერანაირ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი ვერ იქნება. დიალოგს რაც შეეხება, გააჩნია რის გარშემოა დიალოგი. თუ ერთი მხრივ, გვესმის რევოლუციური და დაუმორჩილებლობის მოწოდებები და ამავე დროს, დიალოგის მოთხოვნა, ასეთ პირობებში, საუბარი შეუძლებელია. თუ იქნება ცივილიზებული მოთხოვნები და იქნება საქმიანი საუბარი, ბუნებრივია, ამას წინ არაფერი დაუდგება. ქვეყანაში არანაირი კრიზისი არ არის“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.
ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გაერთიანებული ოპოზიცია ითხოვს. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს.