თამარ ჩუგოშვილი - ვცადე წარმომედგინა, მეშვიდე მოწვევის პარლამენტი როგორ იბარებს ვანო მერაბიშვილს სხდომათა დარბაზში და როგორ პასუხობს ის კრიტიკულ კითხვებს
მეც ვცადე წარმომედგინა, მეშვიდე მოწვევის პარლამენტი როგორ იბარებს ვანო მერაბიშვილს სხდომათა დარბაზში და ისიც როგორ აბარებს პარლამენტარებს, მოსახლეობას ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, როგორ პასუხობს კრიტიკულ კითხვებს და როგორ საუბრობს წარმატებული ადამიანის უფლებების დაცვით საქმიანობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ძალიან კარგი პრაქტიკაა, როდესაც შს მინისტრი პარლამენტში მოდის.
„შს მინისტრის პარლამენტის მოსვლა რადგან ძალიან კარგი შესაძლებლობაა, ის ძალიან დიდი კონტრასტი დავინახოთ, დავინახოთ რამდენად შორს ვართ იქიდან, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ვიყავით, ამიტომ ეს ძალიან მიხარია. რაც შეეხება კითხვებს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კითხვა დაისვა პანკისთან დაკავშირებით, მეც მინდა კონკრეტულად გკითხოთ, ამ ამ ოპერაციასთან დაკავშირებით სწორად იყო თუ არა შეფასებული რისკები, თუ იყო დარწმუნებული ვარ, გვეტყვით მეტს, თუ არ იყო სწორად შეფასებული ეს რისკები, მაშინ ვისი პასუხისმგებლობაა და შესაბამისად, აქ ვის უნდა დავუსვათ კითხვები. ჩვენ ხვალ უსაფრთხოების სამსახურის მოსმენაც გვაქვს და შესაბამისად ჩვენც რომ ვიცოდეთ, რაზე გავაკეთოთ აქცენტი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
დეპუტატმა გიორგი გახარიას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზეც ჰკითხა და აღნიშნა, რომ გაიზარდა არასრულწოვნების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების რიცხვი.
„რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, არასრულწლოვნების ჩართულობა დანაშაულებრივ საქმიანობებში საკმაოდ მაღალია. იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად ჰუმანური მიდგომა არასრულწლოვნების მიმართ, მაგრამ მათი მხრიდან კრიმინალში მონაწილეობა იზრდება, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის გასაკეთებელი, რომ ეს პრობლემა არ გამწვავდეს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.