თამარ ჩუგოშვილი - თუ იუსტიციის საბჭო არ შეაჩერებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას, პარლამენტმა საბჭოდან თავისი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი უნდა გამოიწვიოს
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, თუკი იუსტიციის საბჭო მოკლე ვადაში არ გააკეთებს განცხადებას მოსამართლეთა უვადო დანიშვნების შეჩერების თაობაზე, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან თავისი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი უნდა გამოიწვიოს.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტის მიერ დანიშნული წევრების გარეშე იუსტიციის საბჭო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
„მინდა, შემოგთავაზოთ ერთი გზა. ბოდიში უნდა მოვუხადო ჩემს კოლეგებს, რომლებთანაც ეს საკითხი არ განმიხილავს და პირდაპირ ამ ტრიბუნიდან უნდა ვთქვა ჩემი მოსაზრება. თუკი იუსტიციის საბჭო მოკლე ხანში არ გააკეთებს განცხადებას უვადო დანიშვნების შეჩერების თაობაზე, ვფიქრობ, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის, რომ პარლამენტმა გამოწვიოს ხუთივე წევრი, რომელიც ჩვენ დავნიშნეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მოსამართლეები ჩვენ მიერ დანიშნული წევრების გარეშე ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ეს არის გამორიცხული, ისინი ყველას ნიშნავენ სწორედ ჩვენს მიერ დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხარდაჭერითა და ხმებით. უმრავლესობა თუ ამ გზას აირჩევს, ერთი მხრივ, შეინარჩუნებს ერთიანობას და მეორე მხრივ, პროცესებს წაიყვანს სწორი მიმართულებით“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.