თამარ ჩუგოშვილი - სჯობს, ყველამ იმას მივხედოთ, რაც ხალხს აწუხებს, ვიდრე ერთმანეთს ვუფრიალოთ ბინძური საცვლები
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატებს შორის არსებული მწვავე დაპირისპირებით საკანონმდებლო ორგანოს იმიჯი და რეპუტაცია ზიანდება.
ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი ეკა ბესელიასა და მამუკა მდინარაძეს შორის არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოება ამ ყველაფრის ყურებით ძალიან დაიღალა.
„ეს ყველას ეხება. არ მსურს ერთ ან მეორე პირზე ვისაუბრო. ამ პროცესებისგან ძალიან დისტანცირებული ვარ. ამ პროცესებში რაიმე ფორმით აღმოჩენის სურვილიც არ მაქვს, რადგან ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფა მგონია პოლიტიკური დღის წესრიგის გადაქცევა ადამიანების პერსონალურ დაპირისპირებად. ეს ჩემი პირადი აზრია. სჯობს, ყველამ იმას მივხედოთ, რაც ხალხს მართლა აწუხებს, ვიდრე ერთმანეთს ვუფრიალოთ ბინძური საცვლები. ამ ყველაფრით პარლამენტის იმიჯი და რეპუტაცია ზიანდება, რადგან სისხლს ვაქცევთ იმაში, რომ აგური აგურზე დავდოთ და პარლამენტი ინსტიტუციად ვაქციოთ. ამაში უამრავი ადამიანის დიდი შრომაა ჩადებული. ადამიანები ეკრანიდან იმ დიდ შრომასა და ენერგიას ვერ ხედავენ, რაც პარლამენტის პარლამენტად გადასაქცევად არის საჭირო. არ მგონია, რომელიმე მოქალაქეს სურდეს, რასაც ეკრანიდან ხედავენ, ის იყოს მისი სახე და წარმომადგენლობა. ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ვლაპარაკობ, მაგრამ ვისაც ქვეყნის წინაშე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც მეტად გრძნობს პასუხისმგებლობას, ამ პროცესს პირველი შეწყვეტს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.