თამარ ჩუგოშვილი - სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების „აღიარება" არ ნიშნავს არაღიარების პოლიტიკის ხარვეზს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების “აღიარება”, არაღიარების პოლიტიკისთვის რაიმე გამოწვევას, ხარვეზს ან პრობლემას არ ნიშნავს.
როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, საქართველოს დიპლომატიური სამსახურები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სამართლებრივი სტატუსის გამყარებისთვის ძალიან აქტიურად მუშაობენ.
“ყველასთვის ცნობილი და ცხადია, რომ ეს ყველაფერი რუსეთის გავლენით და როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაფასა, ცუდი რჩევით მიღებული გადაწყვეტილებაა. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს არაღიარების პოლიტიკისთვის რაიმე გამოწვევას, ხარვეზს ან პრობლემას . საქართველოს დიპლომატიური სამსახურები ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივი სტატუსის გამყარებისთვის ძალიან აქტიურად მუშაობენ და პირიქით იმისთვის, რომ ვისაც აღიარებული აქვს, ეს “აღიარება” მათაც უკან გაიხმონ. ამ კუთხით ამერიკის შეერთებულ შტატებთან გარკვეულ წარმატებაც გვაქვს მიღწეული”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
დეპუტატი ოპოზიციონერების შეფასებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობა და გამკლავება ნაციონალურმა მოძრაობამ არავის არ უნდა ასწავლოს.
“ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური სპეკულაციები სრულიად ზედმეტი და არასწორი მგონია. სირიის იმ რეჟიმის გადაწყვეტილებაზე, რომელიც საერთაშორისო სამართალს, ჰუმანიტარულ სამართალს საერთოდ არ ემორჩილება და საკუთარ მოსახლეობას ბომბავს. არაკეთილსინდისიერი შეფასება და საქციელია ის, რომ ამ რეჟიმის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება ქართულ დიპლომატიას დაბრალდეს. მგონი, ამ ყველაფერს თვითონაც აცნობიერებენ. რუსეთი მუდმივად ცდილობს, ისეთი ქვეყნები მოძებნოს, რომლებზეც გავლენას მოახდენს. საქართველო ამ გამოწვევას ძალიან ეფექტურად უმკლავდება და ჩვენი არაღიარების პოლიტიკა მუშაობს. რუსეთთან ურთიერთობა და გამკლავება “ნაციონალურმა მოძრაობამ” არავის უნდა ასწავლის. თუკი შეიძლებოდა, რომ ქვეყანაში ყველაზე არაეფექტური პოლიტიკა ყოფილიყო, ეს პოლიტიკა მათ ჰქონდათ. სრულიად არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური სპეკულაციები გვესმის და ყველაფერს აქვს საზღვარი”, – დასძინა ჩუგოშვილმა.