თამარ ჩუგოშვილი - შსს-ს მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რათა ყველა მოქალაქის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება დაცული ყოფილიყო
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სახელმწიფოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რათა ყველა მოქალაქის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება დაცული ყოფილიყო.
როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწოდების სიმაღლეზეა და ის შეხვედრები, რაც შედგა, გამოხატვის თავისუფლებას სრულად უზრუნველყოფდა.
„მესმის, რომ ამ თემის წევრებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ აქცია სხვა ფაქტორების გამო აღარ ჩაეტარებინათ. მათ ასი პროცენტით დაცულობის განცდა არ ჰქონდათ, რადგან სხვადასხვა აქციებიც იმართებოდა. ამას შს სამინისტროსა და სახელმწიფოს ვერ დავაბრალებთ. სახელმწიფოსგან ყველა ჯგუფს გარანტიები ჰქონდა, რომ გამოხატვის უფლება სრულად დაცული იქნებოდა და ხელისუფლების როლი სწორედ ეს არის, რასაც შეასრულებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გარანტიები გუშინ საჯაროდ იქნა მიცემული, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად აღიქმება მიცემული პირობა სრულად და შეიძლება მათ გარკვეული ეჭვი და შიშები დარჩათ. შსს-სა და სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რათა მათ გამოხატვის თავისუფლება ჰქონოდათ. მათ გადაწყვიტეს, რომ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით საფრთხე მაინც არსებობდა, ეს მათი გადაწყვეტილებაა. შეკრებასა და დაშლას ვერავის დავაძალებთ”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.