თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს პოლიტიკა ოკუპაციის თემებზე ძალიან თანმიმდევრულია
თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს პოლიტიკა ოკუპაციის თემებზე ძალიან თანმიმდევრულია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკა ოკუპაციის თემებზე ძალიან თანმიმდევრულია.

პირველ არხთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი ჟენევის მოლაპარაკებების თაობაზე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღის წესრიგში ჟენევის ფორმატის გადახედვა არ დგას.

მისი თქმით, ჟენევის ფორმატი რა ფორმითაც არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია.

„საერთაშორისო აქტორები, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართულები, აუცილებელია საქართველომ შეინარჩუნოს. ანუ, ფორმატის შეცვლასა და გადახედვაზე საუბარი არ ყოფილა. მოსაზრებები წარმომადგენლობითი დონის გაზრდასთან დაკავშირებით იყო, რამაც ჟენევის ფორმატის ეფექტურობა უნდა გაზარდოს, მაგრამ რუსეთის მხრიდან ამის მზაობა არ არის და რაშიც გასაკვირი არაფერია. ჩვენ ის პოლიტიკა უნდა გავაგრძელოთ, რომელიც გვაქვს. კერძოდ, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მობილიზება ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების – ოკუპაციის, დევნილების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების ჩაგვრისა და დისკრიმინაციული ფორმების აღმოსაფხვრელად უნდა მოვახდინოთ. ამ თვალსაზრისით მთავარი მექანიზმი საერთაშორისო უსაფრთხოებაა და საქართველო აქტიურად ლობირებს საკითხს, რომ სამშვიდობოები ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუშვან. ასევე აქტიურად ვმუშაობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის დაშვებაზეც“, – აღნიშნავს დეპუტატი.

ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს მხრიდან არათანმიმდევრობა არ ყოფილა, რუსეთი კი, თავის დამოკიდებულებაში დესტრუქციულია.

„საქართველოს პოლიტიკა ოკუპაციის თემებზე ძალიან თანმიმდევრულია. ჩვენი თანმიმდევრულობა იმაში გამოიხატება, რომ ჩვენთვის ტერიტორიული მთალიანობის აღდგენა პრიორიტეტულია, ბუნებრივია, ამას რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებით ვერ მივაღწევთ და საერთაშორისო ფორმატებს ვიყენებთ, უპირველეს ყოვლისა ჟენევის ფორმატს. ჩვენი მხრიდან არათანმიმდევრობა არ ყოფილა, რუსეთი კი სამწუხაროდ, ამ საკითხის მიმართ თავის დამოკიდებულებაში დესტრუქციულია“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.