თამარ ჩუგოშვილი - საქართველო აშშ-ში აღიქმება, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი
დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაგვეხმარება მხარდაჭერის მოპოვებაში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ათეულობით შეხვედრა კონგრესში კოლეგებთან, სხვადასხვა პოლიტიკოსთან, რომელებმაც საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ასევე გაიმართა სახელმწიფო დეპარტამენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც ძალიან დიდ როლს ასრულებენ საქართველოსთან დაკავშირებით აზრის ჩამოყალიბებასა და საქართველოს რეპუტაციის განსაზღვრაში.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სთან თანამშრომლობის გარკვეული კონკრეტული შედეგები მალე გამოჩნდება.
„ჩვენი ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებში აღიქმება როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი. ყველა აცნობიერებს თანამშრომლობის მნიშვნელობას. იმედი მაქვს, მალე ვიხილავთ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებას კონგრესში და ასევე, უახლოეს მომავალში საქართველო მიიღებს დიდი ხნის ნანატრ გადაწყვეტილებას, შეძლებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ბუნებრივია, მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ, მაგრამ სრული საფუძველი არსებობს, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
საპარლამენტო დელეგაციამ აშშ-ში ვიზიტის ბოლო დღეს მონაწილეობა მიიღო გერმანიის მარშალის ფონდში (GMF) მრგვალი მაგიდის მუშაობაში, სადაც განხილული იყო აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები.
დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) ხელმძღვანელობას.
შეხვედრაზე განიხილეს დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების განვითარების ხელშეწყობის, მათ შორის, პოლიტიკური პარტიებისა და მათი დაფინანსების სისტემის გაძლიერების, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხები.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მიმართ აბსოლუტურად ჩამოყალიბებული მყარი მხარდაჭერა არსებობს.
„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, რადგან ყველგან, როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში არის აბსოლუტურად ჩამოყალიბებული მყარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. არის ძალიან ღრმა გააზრება რუსეთის საფრთხის, როგორც საქართველოსთან მიმართებით, ასევე რეგიონისა და მათ შორის, მთელი მსოფლიოსათვის. ამერიკა, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, დგას საქართველოს გვერდში ჩვენი ამ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 28 იანვრიდან 1-ელი თებერვლის ჩათვლით, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში შეხვედრები გამართა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სახელმწიფო დეპარტამენტში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია.