თამარ ჩუგოშვილი - საქართველო აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს ნატო-ს წევრობისთვის, ხელს გვიშლის ჩვენი მეზობელი და გეოპოლიტიკური მოცემულობა
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველანაირ კრიტერიუმს, რა კრიტერიუმითაც ქვეყანა შეიძლება, ნატო-ს წევრი გახდეს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
„ამაში ხელს არანაირად არ გვიშლის არც ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობა და არც ხარისხი. აქ ჩვენ ხელს გვიშლის ჩვენი მეზობელი და ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური მოცემულობა. ნატო-ს წევრები არიან ქვეყნები, რომელთა დემოკრატიის ხარისხს საქართველოს დემოკრატიის ხარისხი ათი თავით უსწრებს. საქართველო აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს და ჩვენ გვჭირდება ზუსტად პოლიტიკური მხარდაჭერა იენს სტოლტენბერგისგანაც, აშშ-ისგანაც, გერმანიისა და სხვა ქვეყნებისგანაც, რომ საქართველოს მიმართ წნეხი, რომელსაც რუსეთი იყენებს, არ იქცეს დამაბრკოლებლად საქართველოს გაწევრიანების კუთხით“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა საქართველოში სტუმრად მყოფი იენს სტოლტენბერგის განცხადება ერთგვარი მოწოდება ან რჩევა, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციის დიდი ნაწილის პოზიცია გაიზიაროს და არჩევნები პროპორციული სისტემით 2020 წელს ჩატარდეს, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნების ჩატარების საკითხს მმართველი გუნდი სრული სერიოზულობით ეკიდება, ხოლო კონკრეტულად ნატო-ს რაც შეეხება, ნატო-სთან შესაბამისობის კუთხით ქვეყანას ძალიან დიდი მიღწევები აქვს.
„როგორც კი ეუთო-ს დასკვნა გამოქვეყნდა, რომელშიც მთელი რიგი კრიტიკა იყო, ჩვენ მაშინვე გავაკეთეთ პირველივე განცხადება და ვთქვით, რომ 2020 წლის არჩევნების ჩატარებამდე მთელ რიგ რეფორმებს განვახორციელებდით, რათა 2020 წლის არჩევნებს ქვეყანა შეხვედროდა იმგვარად მომზადებული, რომ ბევრად უფრო პოზიტიური, უკეთესი შეფასებები დაემსახურებინა. ეს მნიშვნელოვანია და ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება, რადგან ახალგაზრდა დემოკრატია ვართ და ასეთი ტიპის ლეგიტიმაცია ჩვენთვის აუცილებელია.
თუმცა, კონკრეტულად ნატო-ს რაც შეეხება, ნატო-სთან შესაბამისობის კუთხით ქვეყანას ძალიან დიდი მიღწევები აქვს – ნატო-ში საქართველოს კონტრიბუცია ფასდაუდებელია, ჩვენი ჯარისკაცები ნატო-ს ჯარებთან ერთად იბრძვიან, საკუთარ სიცოცხლეს ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებენ, მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში არიან და ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა ყველანაირად იმსახურებს ნატო-ს წევრობას. დემოკრატიული ინსტიტუტები ნატო-სთვის კი არა, პირველ რიგში, ჩვენთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის უნდა გავაძლიეროთ, ხოლო ნატო-ს წევრ ქვეყნებს უნდა ვთხოვოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოიჩინონ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.