თამარ ჩუგოშვილი - საპრეზიდენტო არჩევნებზე ვის დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ მომავალ კვირას გახდება ცნობილი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში ვის დაუჭერს მხარს, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით NDI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როცა კვლევაში, პასუხზე ამდენი უარია, ან გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, კვლევის შედეგები საზოგადოების რეალურ განწყობებს ვერ ასახავს.
„2012 წლიდან მოყოლებული ამას ყველა არჩევნების შედეგი ამტკიცებს, როცა NDI-ს კვლევის შედეგები არჩევნების შედეგებს მნიშვნელოვნად ასცდა. ეს პირველად არ ხდება და მოლოდინი მაქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებშიც იმ ციფრებისგან რადიკალურად განსხვავებულ ციფრებს მივიღებთ, რაც შემოთავაზებული იყო. ალბათ, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის განწყობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი არ დაუსახელებია. კანდიდატის დასახელება რიცხვებსა და მაჩვენებლებს თვისობრივად შეცვლის. ალბათ, უარი გამოწვეულია კვლევის მიმართ საზოგადოებაში არსებული გარკვეული უნდობლობით, რაც ორგანიზაციასთან მიმართებაში არსებობს”, – აცხადებს ჩუგოშვილი.
დეპუტატი ფიქრობს, რომ როცა მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატს დაასახელებს, ან ვინმეს მხარდაჭერას გამოუცხადებს, ეს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მონაცემებს თვისობრივად შეცვლის.