თამარ ჩუგოშვილი - საპრეზიდენტო არჩევნებში თითქმის 60 %-ით ქალი კანდიდატის გამარჯვება მხოლოდ დემოკრატიულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური პირველად ჩატარდა, რაც ქვეყანაში არის დემოკრატიის მაჩვენებელი და არის კიდეც აღნიშნული ყველა საერთაშორისო შეფასებაში, – ასეთი კომენტარი გააკეთა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადების კომენტირებისას.
გიორგი მარგველაშვილმა დღეს საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა და აღნიშნა: „სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე, მინდა, შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე. საქართველოში ასეთი არჩევნები ამ სტანდარტით მეტი აღარ უნდა ჩატარდეს“.
როგორც ამ განცხადებაზე კომენტარის დროს ჩუგოშვილმა აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან დიდი უპირატესობით ქალი კანდიდატის გამარჯვება მხოლოდ დემოკრატიულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.
„ნეგატიური მხარე, რაც მოიტანა მეორე ტურმა, არის პოლარიზება. ჩვენ ეს არ დაგვიწყია. ეს შემოთავაზებული იყო ოპონენტების მხრიდან დაწყებული, ისმოდა ძალიან აგრესიული რიტორიკა. ვცდილობდით, რომ არ ავყოლოდით ამ ყველაფერს, თუმცა მეორე ტურის პირობებში უფრო დაიძაბა ეს რიტორიკა. თუ ამას გულისხმობს გიორგი მარგველაშვილი, დავეთანხმებოდი, რომ პოლარიზაციის კუთხით ნამდვილად გამწვავდა ვითარება მეორე ტურში. მაგრამ, საერთო ჯამში, საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან დიდი, 60 %-იანი უპირატესობით ქალი კანდიდატის გამარჯვება, მხოლოდ დემოკრატიულ ნაბიჯად შეიძლება მხოლოდ ჩაითვალოს“,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.