თამარ ჩუგოშვილი - სამწუხაროდ, ხშირად ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი ეფექტური არ არის
სამწუხაროდ, ხშირად ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი ეფექტური არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდთან დაკავშირებულ კითხვაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, მას წინასწარი შეფასებების გაკეთება გაუჭირდება, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს შეხვედრამ.
„ჟენევის მოლაპარაკებები როგორც იცით, ჩვენთან ოკუპაციის თემებზე სასაუბროდ მთავარი ფორმატია. სამწუხაროდ, ხშირად ეფექტური არ არის ხოლმე ეს ფორმატი. თქვენ იცით, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა, მაქსიმალურად გაიზარდოს ამ ფორმატის ეფექტიანობა, რასაც მივესალმები. ვნახოთ, ტატუნაშვილის საქემის შემდეგ, ეს პირველი შეხვედრაა, ამიტომ წინასწარ განცხადებების გაკეთება გამიჭირდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მეტი ინფორმაცია გვექნება, რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ამ ფორმატისგან”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალის გამოუყენებლობის ერთობლივი განცხადების შემუშავებას დაეთმობა. დოკუმენტზე მუშაობა მეექვსე წელია მიმდინარეობს. როგორც ქართული დელეგაციის წევრები აღნიშნავენ, ბოლო პერიოდში ტექსტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გარკვეული წინსვლა შეინიშნებოდა.