თამარ ჩუგოშვილი - საკითხი ისე არ უნდა დავაყენოთ, რომ ფოთის პორტი უნდა გავანადგუროთ, რათა ანაკლიის პორტი ავაშენოთ, ორივე პორტი გვჭირდება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მთავრობისთვის არის მნიშვნელოვანი პროექტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
ამასთან, მან ფოთის პორტთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროდან დოკუმენტის გაცემისა და შემდეგ გაუქმების საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მეტი დეტალის გარკვევა ეკონომიკის სამინისტროშია შესაძლებელი.
„რაც მე შემიძლია გითხრათ, ეს არის ის, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მთავრობისთვის არის მნიშვნელოვანი პროექტი. ყველანაირად ხდება ხელშეწყობა, რომ ორგანიზაციამ შეძლოს ამ პროექტის განხორციელება. მათ შორის გადავადებით, კონტრაქტის პირობების შემსუბუქებით თუ სხვადასხვა ნაბიჯითა და ქმედებით, რადგან საერთო ჯამში, მნიშვნელოვანი და მთავარია, ეს პორტი აშენდეს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ამასთან, პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ფოთის პორტი უნდა განადგურდეს, რათა ანაკლიის პორტი აშენდეს.
„ზოგადად, არ მგონია, საკითხს ასე უნდა ვუყუროთ, რომ ფოთის პორტი უნდა გავანადგუროთ, რომ ანაკლიის პორტი ავაშენოთ. ვფიქრობ, ასე არ უნდა დავაყენოთ ეს საკითხი. ვიღაცები ასე აყენებენ, რადგან პოლიტიკურად აწყობთ, მაგრამ ჩვენ, მოქალაქეებმა ასე არ უნდა შევხედოთ. გვჭირდება ფოთის პორტიც, მისი დახმარებაც და გვჭირდება ანაკლიის პორტის აშენებაც. ასე რომ, თუ ამ ორ პორტს ასე არ დავაპირისპირებთ და არ შევაჯახებთ, ძალიან კარგი იქნება. ორივე პორტი გვჭირდება და ორივეს განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.