თამარ ჩუგოშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ჩანს, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიმართ დიდი მოლოდინებია​
თამარ ჩუგოშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ჩანს, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიმართ დიდი მოლოდინებია​

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ჩანს, რომ ახალი კონსტიტუციის მიმართ დიდი მოლოდინებია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აქცენტი რამდენიმე საკითხზეა დასმული.

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში რამდენიმე აქცენტია გაკეთებული. საქართველოს მიმართ გამოხატულია ძალიან მკაფიო მხარდაჭერა. ჩანს, რომ ახალი კონსტიტუციის მიმართ დიდი მოლოდინებია, რაზეც ოპონენტები აქტიურად გვაკრიტიკებდნენ, თუმცა განცხადებიდან ჩანს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებმა ქვეყანას მნიშვნელოვანი სიახლეები უნდა მოუტანოს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანი ჩანაწერია არჩევნებთან დაკავშირებით.

„ასევე, მნიშვნელოვანი ჩანაწერია, რომელიც ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებმა გამართულად ჩაიარა. ნათქვამია ისიც, რომ დარღვევებთან დაკავშირებით აკვირდებიან და მოლოდინი აქვთ, რომ ახალი წლიდან გარკვეული პროცესები უნდა დაიწყოს. ჩვენც განვაცხადეთ, რომ ახალი წლიდან აქტიური მუშაობა იქნება ეუთო-ს მიერ დაფიქსირებული შენიშვნების კანონმდებლობაში ასახვისთვის. განცხადებაში აქცენტები რაზეც არის, ამაზე ნასაუბრები გვაქვს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

მისივე თქმით, ეუთო-ს რეკომენდაციები სახელმძღვანელოა, რომ საარჩევნო კოდექსი გაუმჯობესდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები სრულიად ლეგიტიმურად ჩატარდა, ბევრი რამ არის, რაც მომავალში გამოსასწორებელია. ეუთო-ს რეკომენდაციები სახელმძღვანელოა, რომ ჩვენი კანონმდებლობა და საარჩევნო კოდექსი გავაუმჯობესოთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის განცხადებით, აშშ მოხარულია, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დაუბრკოლებლად ჩატარდა, თუმცა, შეშფოთებულია მრავალრიცხოვანი დარღვევებით. ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ ძალიან ყურადღებით აკვირდება, თუ როგორ აღსრულდება ახალი კონსტიტუცია.