თამარ ჩუგოშვილი - საარჩევნო უბნებთან კოორდინატორების ყოფნა არანაირი კანონდარღვევა არ არის
სიები და ინფორმაცია, რომელიც საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებს აქვთ, აბსოლუტურად ღია წყაროდან არის მოპოვებული და მათი ყოფნა ადგილზე არანაირი კანონდარღვევა არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში, ადგილი აქვს კოორდინატორების შევწიროების მცდელობას და კანონდარღვევა სწორედ ეს არის.
„რაც შეეხება კოორდინატორების ყოფნას საარჩევნო უბნებთან, რომელიც რატომღაც ყველა არჩევნების წინ ხდება დიდი აჟიოატაჟის საგანი, მიუხედავად იმისა, რომ ამაში არანაირი კანონდარღვევა არ არის, სიები და ინფორმაცია, რომელიც მათ აქვთ, აბსოლუტურად ღია წყაროდან მოპოვებული ინფორმაციაა. ეს არის ღია სიები, რომელიც არის გამოქვეყნებული ან „კარდაკარით“ მოპოვებული ინფორმაცია. შესაბამისად, ამაში არანაირი კანონდარღვევა არ არის და პირიქით, ვხედავთ, ზოგიერთ შემთხვევაში, ადგილი აქვს მათი შევწიროების მცდელობას, თავდასხმის მსგავს ქმედებებს და ჩემი აზრით, ეს არის უკანონო“, – განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა.
მისი შეფასებით, სწორი არ არის ხალხის შევიწროება, რომელთაც აქვთ უფლება, იდგნენ საარჩევნო უბნებთან და არ არღვევენ კანონს.
„შესაბამისად, ვაცადოთ ამ ადმიანებს თავისი საქმის გაკეთება. ისინი ემსახურებიან ერთადერთ მიზანს, რომ ამომრჩევლის მობილიზებას ჰქონდეს ადგილი და ამომრჩევლის მობილიზება არის სრულიად კანონიერი უფლება, რომელიც გამოიყენებოდა ყველა საარჩევნო პროცესში. ესთეტიკურად ეს როგორ გამოიყურება და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სხვა საკითხია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამომრჩევლის მობილიზების სხვა ფორმები უკეთესია და სამომავლოდ შევთანხმდეთ, რომ მაგალითად, სხვა ფორმები გამოვიყენოთ, მაგრამ უკანონო ამ ქემდებაში არაფერი არ არის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, თვეების განმავლობაში ყველა პოლიტიკური ძალა ახდენს საკუთარი მხარდამჭერისა და მომხრის იდენტიფიცირებას.
„მისთვის იმართება თვეების განმავლობაში „კარდაკარი“. ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს ინფორმაცია საკუთარი მხარდამჭერების შესახებ და ამომრჩევლის მობილიზებას ყველა საარჩევნო პროცესში, ყველა ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა ფორმით უზრუნველყოფენ, რომ მათი მხარდამჭერები გამოცხადდნენ ან მოუწოდონ, რომ გამოცხადდნენ საარჩევნო ყუთებთან. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, ყველა პოლიტიკური ძალის ინტერესშია, მისი მხარდამჭერი საარჩევნო ყუთთან მივიდეს.
დღეს ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება – მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში. მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. ასევე, დღეს მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.