თამარ ჩუგოშვილი - საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე მუშაობას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებაზე მუშაობას საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს.
თამარ ჩუგოშვილი ყურადღებას საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ არჩევნების ჩატარების შემდეგ, დამკვირვებლებს მთელი რიგი რეკომენდაციები აქვთ, როგორ შეიძლება საარჩევნო გარემო უკეთესი გახდეს.
„ეუთო-სგან არაერთი რეკომენდაცია მივიღეთ, რომელიც მთავარი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. სტანდარტი არსებობს, რომ არჩევნების ახლო პერიოდში საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება რეკომენდებული არ არის, მაგრამ საკმაო დრო გვაქვს. 2019 წლის განმავლობაში შეგვიძლია, მშვიდად ვიმუშაოთ, რომ რეკომენდაციები კანონმდებლობაში ავსახოთ. შეიძლება, ცვლილებები ბევრ საკითხს შეეხოს, მათ შორის, პროცედურული საკითხებია – ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, აგიტაცია, საარჩევნო დავების პროცედურები. საუბარი დაახლოებით ამ სახის დავებზეა“, – განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.