თამარ ჩუგოშვილი - რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მორიგ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მორიგ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული აბსურდია და ეს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის.
„ეს აბსურდული ბრალდებები და ცრუ ინფორმაციაა, რომელსაც რუსეთი ამ ლაბორატორიასთან დაკავშირებით პერიოდულად ავრცელებს. მათი ინტერესია, რომ რაღაც არასწორი წარმოდგენა შექმნან. ეს ყველაფერი მორიგი ტყუილია”, – დასძინა ჩუგოშვილმა.
გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აშშ-ი ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. ამასთან, თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა.
დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, რუსეთი აგრძელებს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელებას რიჩარდ ლუგარის ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.