თამარ ჩუგოშვილი - როგორც სხვა პირის შემთხვევაში, ისევე უნდა წარიმართოს სააკაშვილის პროცესიც
თამარ ჩუგოშვილი - როგორც სხვა პირის შემთხვევაში, ისევე უნდა წარიმართოს სააკაშვილის პროცესიც

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ როგორც სხვა პირის შემთხვევაში წარიმართებოდა სამართლებრივი პროცესი, ასევე უნდა წარიმართოს მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც. ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მისივე თქმით, სამართლებრივ საკითხზე პოლიტიკური შეფასების გაკეთება სწორად არ მიაჩნია.

„ვიტყვი იგივეს, რასაც ვამბობმდი ბოლო დღეების განმავლობაში – ეს არის სამართლებრივი პროცესი და სამართლებრივი პროცესზე კომენტარები შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ. პოლიტიკური კომენტარების გაკეთება არ მგონია სწორი, მე, პირადად, თავს შევიკავებ.

როგორც სხვა პირის შემთხვევაში წარიმართებოდა სამართლებრივი პროცესი, ასევე უნდა წარიმართოს ბატონი სააკაშვილის შემთხვევაშიც“, – განაცადა თამარ ჩუგოშვილმა.

კიევის პეჩორის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ გაითვალისწინა და სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან რადას დეპუტატების თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.