თამარ ჩუგოშვილი - „ქართული ოცნების“ ყრილობის შემდეგ განსაკუთრებულ საკადრო ცვლილებას არ უნდა ველოდოთ
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების” პარტიული ყრილობის შემდეგ, საზოგადოება განსაკუთრებულ საკადრო ცვლილებას არ უნდა ელოდოს.
როგორც პირველ არხს ჩუგოშვილმა განუცხადა, პარტიის თავმჯდომარედ დამფუძნებლის არჩევა პარტიას ერთი მხრივ, ძალიან ჯანსაღი კუთხით გააძლიერებს და მეორე მხრივ, იმ ერთიანობას შეუნარჩუნებს, რაც აუცილებელია იმ ქვეყნისთვის, რომელიც ბევრი გამოწვევის წინაშე დგას.
„არ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულ საკადრო ცვლილებას უნდა ველოდოთ. ვფიქრობ, პარტიის პოლიტსაბჭოს საქმიანობა და პოლიტიკური პროცესი, რომელიც პარტიაში მიმდინარეობს, ბევრად უფრო საინტერესო, ბევრად უფრო აქტიური იქნება და ბევრად უფრო მეტი ადამიანის ჩართულობა მოხდება, შესაბამისად, ჯანსაღი პროცესის მომსწრეები გავხდებით, ვინც ამ პოლიტიკურ პროცესთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, დეპუტატების ჩართულობის, დისკუსიებისა და განსხვავებული მოსაზრებების დაახლოების კუთხით პარტიის ახალი თავმჯდომარე ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ დღეს ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს.