თამარ ჩუგოშვილი - „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შეხვედრაზე გადავწყვეტთ, რა ფორმით ვერთვებით საარჩევნო კამპანიაში
„ქართული ოცნება“ სავარაუდოდ, 9 სექტემბერს პოლიტსაბჭოს სხდომაზე გამართავს და საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის საკითხზე პოზიციას ჩამოაყალიბებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ხვალ იწურება.
„ხვალ იწურება საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა, ამიტომ სავარაუდოდ, კვირას იქნება პოლიტსაბჭოს სხდომა და ამ შეხვედრაზე ჩამოვაყალიბებთ პოზიციას. როგორც იცით, პოზიციები იყო სხვადასხვაგვარი ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ამიტომ პოლიტიკური საბჭოს შეხვედრაზე გადავწყვეტთ, რა ფორმით ვერთვებით საარჩევნო კამპანიაში. ვთქვით, რომ როდესაც ამოიწურება კანდიდატების რეგისტრაციის ვადა და, როდესაც ვნახავთ, ვინ არის დარეგისტრირებული კამპანიისთვის, მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას. არაფერი გაჭიანურებულა, როგორც გვქონდა დაგეგმილი, იმ გეგმას მივყვებით“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატის ფინანსურ მხარდაჭერას, ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ამ მხრივ, პროცესში „ქართული ოცნება“ იმ ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას, რის საშუალებასაც კანონი იძლევა.
„კანონი რა მასშტაბითაც გვაძლევს და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მხარი დავუჭიროთ კანდიდატს, რომელიც ჩვენი ნომრით არ მონაწილეობს, ისე მოვიქცევით. მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოში მივიღებთ მონაწილეობას, გადახვევა არ იქნება“, – განაცხდა ჩუგოშვილმა.