თამარ ჩუგოშვილი - „ქართული ოცნების“ ლიდერების სურვილია, მათი პოლიტიკური ძალის გარშემო ბევრად მეტი ახალი, ნათელი ადამიანი მოგროვდეს
საზოგადოება უნდა ხედავდეს, რომ ყველაფერი, რაც მათ აწუხებთ, სწორედ საპარლამენტო ტრიბუნიდან ჟღერდება და პასუხებიც ამ ტრიბუნიდან ეცემა, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.
„ეს არის მთავარი პლატფორმა, სადაც უნდა ლაპარაკობდეს მთავრობა და პარლამენტი და უნდა ლაპარაკობდეს ხალხის სახელით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდში, როგორც იცით, მინისტრების მოსმენები ძალიან გააქტიურებული გვაქვს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, საზედამხედველო საქმიანობის განხორციელების კუთხით, პარლამენტმა წელს ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, როგორიც დიდი ხანია არ მიუღია.
„პარლამენტის მხრიდან საკონტროლო ფუნქციების განხორციელება წელს, საკმაოდ ძლიერად იყო წარმოდგენილი და მომავალი წლების განმავლობაში, ეს კიდევ უფრო გაძლიერდება, კიდევ უფრო ხარისხიანი, სიღრმისეული გახდება და ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ უფრო მეტად უნდა იგრძნოს, რომ ყველაფერი, რაც მათ აწუხებთ, პირველ რიგში, აწუხებს მათ წარმომადგენლებს, მათ მიერ არჩეულ პარლამენტარებს და შემდეგ, ამ ყველაფერზე პასუხებს სწორედ მთავრობის წევრებისგან, თუ სხვა ანგარიშვალდებული პირებისგან ისმენენ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მუდმივი საუბრები იმაზე, რომ მინისტრებს ვიბარებთ, არ მოდიან და ა.შ, ხელისუფლებამ წარსულში დატოვა და შემოღებული წესები სრულად უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტისა და მთავრობის თანამშრომლობა სრულფასოვანი იყოს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როდიდან უნდა ელოდეს საზოგადოება მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებებს, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, კონკრეტულად ვერაფერს იტყვის, მაგრამ ზუსტად იცის, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ხელმძღვანელების სურვილია, მათი პოლიტიკური ძალის გარშემო ბევრად მეტი ახალი, ნათელი ადამიანი მოგროვდეს.
„ეს ზუსტად, როგორ იქნება გაკეთებული, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. ალბათ, სჯობს, ამასთან დაკავშირებით თვითონ ისაუბრონ, მაგრამ ვიცი, რომ ნამდვილად არსებობს სურვილი, ამ პოლიტიკური ძალის გარშემო შემოიკრიბოს ახალი, ნათელი გონებები, კეთილსინდისიერი ხალხი, რომლებსაც შეუძლიათ, თავიანთი საქმე პროფესიონალურად აკეთონ. დარწმუნებული ვარ, ყველა ასეთი ადამიანისთვის შემოთავაზებული იქნება შესაბამისი გზები და შესაძლებლობები“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.