თამარ ჩუგოშვილი - „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურად ჩართვას ვერ ასცდება
თამარ ჩუგოშვილი - „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურად ჩართვას ვერ ასცდება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ძალიან გულწრფელი იყო.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი დაბრუნება საჯარო სივრცეში „ქართული ოცნების“ გუნდისთვის ახალი ეტაპის დასაწყისია.

„ეს ძალიან ჭირდებოდა გუნდს ერთიანობისთვის. იყო საუბარი პრობლემებზე. წინა მთავრობის პირობებში ერთ-ერთ პრობლემად დასახელდა პარლამენტსა და მთავრობას შორის კომუნიკაციის პრობლემა, რომელიც ნამდვილად არსებობდა. ზოგადად პარლამენტის როლის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ვერ ასცდება საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურად ჩართვას და მმართველ ძალას აუცილებლად უნდა ჰყავდეს თავისი კანდიდატი ან მკაფიოდ გამოკვეთილი სასურველი კანდიდატი.

„პარტია აუცილებლად უნდა ჩაერთოს საარჩევნო პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩვენ პოლიტიკურად საერთოდ არ გვჭირდებოდეს ჩვენთან მყარად დაკავშირებული პრეზიდენტი, საზოგადოება ვერ გაიგებს, რატომ შეიძლება მმართველმა პარტიამ უარი თქვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, ეს ჩაგვეთვლება სისუსტედ. სინამდვილეში ასე არ არის. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი კანდიდატი, რომელზეც მსჯელობა იქნება, პოლიტსაბჭოზე იყოს სალომე ზურაბიშვილზე, თუმცა სხვა კანდიდატებზეც ვმსჯელობთ. ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. დაახლოებით ერთ კვირიდან 10 დღის ვადაში გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში –  „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გავიდა.