თამარ ჩუგოშვილი - „ქართულ ოცნებაში“ აზრთა სიჭრელე ძალიან მომწონს და მიხარია
„ქართულ ოცნებაში“ აზრთა სიჭრელე სრულიად ბუნებრივი პროცესია, რაც ძალიან მომწონს და მიხარია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ განაცხადა.
„ზოგადად, აზრთა სიჭრელე დიდ პარტიებს ახასიათებთ. ეს სიახლე არ არის. სიახლე ისაა, რომ წინა მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვაქვს მონოლითური მმართველობა, სადაც ადამიანები განსხვავებულ მოსაზრებებს არ გამოხატავენ. აზრთა სიჭრელე იქაც იყო, მაგრამ „მესიჯბოქსიდან“ გასვლა აკრძალული იყო და ისჯებოდა. ამ კუთხით ჩვენ ნამდვილად დიდი პროგრესი გვაქვს. ბუნებრივია, რომ ამდენ სხვადასხვა ადამიანს განსხვავებული მოსაზრება აქვს და ღმერთმა დაგვიფაროს, ეს ასე არ იყოს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, იმ პირობებში, როცა უმრავლესობაში აზრთა სიჭრელე არსებობს, თუ „ქართული ოცნება“ ფრაქციებად უნდა დაიყოს, პოლიტიკური გემოვნების მიხედვით დაყოფა ხომ არ აჯობებდა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ წარსულიდან ვერ გამოვდივართ და სხვანაირად ვერ წარმოგვიდგენია.
„ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკას რომ გადავხედოთ, მაგალითად, აშშ–ისას, ვნახავთ, რომ პოლიტიკოსები ორ პარტიაში არიან განაწილებული მაგრამ შესაძლოა, ერთ საკითხზე ასმა კაცმა ასი განსხვავებული პოზიცია თქვას. ეს დემოკრატიული, ან რესპუბლიკური პარტიის პრობლემად სულაც არ ითვლება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.