თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ვერ მოვისმინე არგუმენტი, რატომ უნდა არსებობდეს „იმპიჩმენტის შესახებ“ ცალკე კანონი
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, რომ ყველა საკითხი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილებას ეხებოდა და სხვადასხვა კანონებში იყო გაფანტული, რეგლამენტის პროექტში გაიწერა, რომელთა შორის იმპიჩმენტის საკითხია.
პირველ არხთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „იმპიჩმენტის შესახებ“ კანონის გაუქმებას ხელი პრეზიდენტმა მოაწერა, რომელიც პარლამენტმა კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის ფარგლებში მიიღო.
„ამ კომენტარის ნახვა საკმაოდ გამიკვირდა, რადგან როგორც ხედავთ, კანონი ხელმოწერილია და კანონის ახლა აღმოჩენა უცნაურია. იმპიჩმენტის საკითხებს თავად კონსტიტუცია დეტალურად აწესრიგებს. ასევე გვაქვს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონმდებლობა და „სისხლის სამართლის კოდექსი“. ყველა ეს კანონი იმპიჩმენტის პროცედურასთან არის კავშირში და კანონმდებლობა ამ ყველაფერს სრულფასოვნად არეგულირებს“, – აღნიშნავს დეპუტატი.
ჩუგოშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია რატომ მიიჩნევს, რომ ცალკე კანონი უნდა არსებობდეს, ამის არგუმენტი ვერ მოისმინა.
„რაც შეეხება იმპიჩმენტს, ეს რეგლამენტის საკითხია, რადგან ყველა კანონი, ყველა საკითხი და ყველა თემა რომელიც უშუალოდ პარლამენტის საქმიანობას ეხება, პარლამენტის რეგლამენტში გადავიტანეთ, რაც სწორი გადაწყვეტილებაა როგორც საკანონმდებლო ნორმების ერთად თავმოყრის თვალსაზრისით, ასევე იმ კუთხით, რომ კონსტიტუციის ძალაში შესვლასთან ერთად რეგლამენტი საკმაოდ მდგრადი კანონი ხდება და მასში ცვლილებების შესატანად საჭირო იქნება არა უბრალოდ 50 ხმა, არამედ – 76 ხმა. რეგლამენტში პროცედურების გამართვა ყველანაირი არგუმენტით სწორი და საჭიროც კი არის. პრეზიდენტის ადმინისტრაცია რატომ მიიჩნევს, რომ ცალკე კანონი უნდა არსებობდეს, ამის არგუმენტი ვერ მოვისმინე და ამ კომენტარის გაკეთება ცოტა გამიკვირდა კიდეც. ამ დოკუმენტში სხვა პრობლემას თუ ვერ ხედავენ, ამას მხოლოდ მივესალმები, რადგან ვერც ერთ არგუმენტს ვერ ვხედავ. ყველა საკითხი, რომელიც სხვადასხვა კანონებში იყო გაფანტული, მაგრამ პარლამენტის წესს ეხებოდა, რეგლამენტის პროექტში ავსახეთ, მათ შორის ის, რაც იმპიჩმენტს ეხებოდა“, – დასძინა ჩუგოშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მიზანშეუწონლად მიიჩნევს იმპიჩმენტის რეგულირების საკითხების პარლამენტის რეგლამენტში გადასვლას და „იმპიჩმენტის შესახებ“ სპეციალური კანონის გაუქმებას. მისი თქმით, იმპიჩმენტი არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ინსტრუმენტიცაა.