თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტიც და ჩვენც ვმოქმედებთ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ამიტომ სხდომაზე არდასწრება პრეზიდენტის მხრიდან არანაირად არ არის უპატივცემულობის გამოხატულება
პრეზიდენტისგან გვაქვს სრული ნდობა, წარმოვადგინოთ მისი ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, წარმოვადგენთ საქმის არა მხოლოდ სამართლებრივ მხარეს, არამედ ინფორმაციას ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას განიხილავენ.
ამასთან, როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტიც და მისი წარმომადგენლებიც მოქმედებენ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ამიტომ სხდომაზე არდასწრება პრეზიდენტის მხრიდან არანაირად არ არის უპატივცემულობის გამოხატულება.
„ნამდვილად ვადასტურებთ, რომ ჩვენ ვართ სრულად ინფორმირებული ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მითითებულია წარდგინებაში და იმ საქმეებში, რა საქმეებიც არის წარდგინებაში. ჩვენ გვაქვს პირადად პრეზიდენტის მხრიდან არა მხოლოდ სრული ინფორმაცია, არამედ, როგორც მან თავად საჯაროდ განაცხადა, სრული ნდობა, წარმოვადგინოთ მისი ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე. ამ შემთხვევაში პრეზიდენტიც და ჩვენც ვმოქმედებთ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ვფიქრობთ, ასევე იმოქმედებს საკონსტიტუციო სასამართლო. ამიტომ ეს მისი მხრიდან არანაირად არ არის უპატივცემულობის გამოხატულება, ასე არ უნდა იყოს იქნას განმარტებული. ასე განმარტავს პარლამენტი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ასე არ უნდა განმარტოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ვინაიდან პრეზიდენტი მოქმედებს კანონის დაცვით.
რაც შეეხება იმპიჩმენტის პოლიტიკურ ნაწილს, რომელიც არ ვიცით, გადავა თუ არა საქართველოს პარლამენტში, პოლიტიკურ ორგანოში, თუკი ის გადავა, პრეზიდენტი შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას, იმ პოლიტიკურ ოგანოში წარდგეს თუ არა გადაწყვეტილების მიღების დროს. რაც შეეხება სასამართლოს, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ პრეზიდენტს, გვაქვს მისი სრული ნდობა, მისგან გვაქვს პირადად სრული ინფორმაცია სამივე საქმესთან, სამივე ვიზიტთან დაკავშირებით. წარმოვადგენთ ამ საქმის არა მხოლოდ სამართლებრივ მხარეს, არამედ ინფორმაციას ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებს, თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს მიმართა: „გამიკვირდა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დარბაზშია, რომელმაც, წესით, კარგად იცის შიდა სამზარეულო და სხდომაზე იურისტებთან ერთად არ არის წარმომადგენელი“. ამასთან, ტურავას განცხადებით, სასამართლომ თუ ჩათვალა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ გადმოსცეს სათქმელი, სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, განჩინებით დაადგინოს პრეზიდენტის სავალდებულო გამოცხადება.