თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტი ასახელებდა სხვა არჩევნების თარიღს ბევრად უფრო ადრე, რატომღაც საპრეზიდენტოზე გადაწყვიტა, ვადა მაქსიმალურად ბოლომდე მიიყვანოს
თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტი ასახელებდა სხვა არჩევნების თარიღს ბევრად უფრო ადრე, რატომღაც საპრეზიდენტოზე გადაწყვიტა, ვადა მაქსიმალურად ბოლომდე მიიყვანოს

საარჩევნო კამპანია ფაქტობრივად დაწყებულია, რამდენიმე პარტიას დასახელებული ყავს უკვე თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი და ასეთ დროს ბუნებრივია, სჯობს ოფიციალურად დაიწყოს საარჩევნო კამპანია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სასურველია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დროულად დაინიშნოს.

„ძალიან ბევრი რამ ირთვება წინასაარჩევნოდ, იქნება ეს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხი, თუ ტელეთერით სარგებლობის ნორმები. ეს საკითხები განსხვავებულად მუშაობს წინასაარჩევნო პერიოდში. სასურველია, რომ დროულად დაინიშნოს, კონტრასიგნაციაც შესაბამისად დროულად მოხდება. ვფიქრობ, ეს საარჩევნო გარემოსთვის იქნება ძალიან კარგი. პრეზიდენტი ასახელებდა სხვა არჩევნების თარიღს ბევრად უფრო ადრე, რატომღაც საპრეზიდენტო არჩევნებში გადაწყვიტა, ვადა მაქსიმალურად ბოლომდე მიიყვანოს. არ ვიცი, რთული სათქმელია, ეს ყველაფერი რას ემსახურება. ჩვენც შევუერთდებით იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად დროულად უნდა დაინიშნოს არჩევნების თარიღი. ვფიქრობ, რომ ეს მისივე ვადის ბოლომდე, მაქსიმალურად ბოლო რიცხვამდე მიყვანას ემსახურება, თუმცა საარჩევნო თარიღის დასახელება ამაში ხელს არ შეუშლიდა. ჩვენ ვხვდებით, რომ ალბათ ოქტომბრის ბოლო რიცხვებში ჩაინიშნება არჩევნები და სჯობს, რომ ეს გაცხადდეს, რათა წინასაარჩევნო პერიოდი ოფიციალურად დაიწყოს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.