თამარ ჩუგოშვილი - პლენარულ კვირაში კომიტეტის სხდომის ჩატარება უნდა აიკრძალოს
პლენარულ კვირაში კომიტეტის სხდომის ჩატარება უნდა აიკრძალოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის“ განხილვისას განაცხადა.
უმრავლესობის ინიცირებული კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილება.
„პარლამენტში გვაქვს პრობლემა, ძალიან ჩქარ-ჩქარა ვცდილობთ გადაწყვეტილებების მიღებას. დიდი ტემპით, მოყვება პარლამენტს წლების წინ აღებული ტემპია და მე მგონი უკვე არის დრო, რომ ხარისხზე გავაკეთოთ მეტი აქცენტი. ტემპს მოვუკლოთ, მაგრამ სამაგიეროდ ხარისხი გავზარდოთ. ეს არის მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩვენს საქმიანობაში სასიცოცხლოდ აუცილებელია. პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან კომიტეტების და პლენარულების კვირები. შესაძლებლობა უნდა მივცეთ კომიტეტებსაც, პლენარულსაც და საზოგადოებასაც, რომელსაც ჩვენი საქმიანობა აინტერესებს, რომ ფორსმაჟორულ რეჟიმში არ იყოს მუდმივად პარლამენტი. პლენარულ კვირაში უნდა აიკრძალოს კომიტეტის სხდომის ჩატარება. უნდა იყოს გამოყოფილი დრო კომიტეტისთვის და გამოყოფილი დრო პარლამენტისთვის. ეს გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ კომიტეტებს მოუწევთ უკეთ დაგეგმონ თავისი საქმიანობა, ბევრად მეტი დრო ჩაიდოს ამ პროცესის მომზადებაში, რადგან სხვანაირად არის ძალიან რთული, რომ ეს ფორსმაჟორის განცდა, რომელიც მუდმივად ახლავს ჩვენს საქმიანობას, მოიხსნას და პირიქით მშვიდად, წყნარად, პროფესიონალურად ვიმუშაოთ და გავაკეთოთ ჩვენი საქმე. ჩვენ მინიმუმ ერთი დღე ყველა პლენარულზე მოგვიწევს დავუთმოთ ან მინისტრს, ან პოლიტიკურ დებატებს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.