თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტში ფაქტობრივად ფრაქციის სხდომები ტარდება, ამიტომ ეს პარლამენტი არ არის
პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად ერთი ადამიანი მიიღებს, ორი თუ სამი, ეს აბსოლუტურად არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ დღეს ერთპარტიული პარლამენტი გვაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს პარლამენტი ერთი პარტიის იდენტურია და საკანონმდებლო ორგანოში ფაქტობრივად ფრაქციის სხდომები ტარდება.
„პარლამენტს ვერც დავარქმევთ, რადგან ფაქტობრივად, ფრაქციის სხდომები ტარდება. მთელი პარლამენტი და ერთი პარტია დღეს აბსოლუტურად ერთი და იგივეა. ამიტომ, ეს პარლამენტი არ არის. პარლამენტი თავისი არსით არის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ჯგუფს, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს და სხვადასხვა მოსაზრებას. დღეს ჩვენ ეს არ გვაქვს და ჯერჯერობით, პირიც არ უჩანს, რომ ახლოს ვართ იმ მოცემულობასთან, როდესაც იქ ყველა პარტია აღმოჩნდება “, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის ინიციატივა, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, ხელისუფლების მდგომარეობას დაამძიმებს, რადგან მათ მიმართ დასავლეთის მხარდამჭერი შეფასებები კრიტიკული შეფასებებით შეიცვლება.
„ისინი უფრო ოპოზიციას ეუბნებოდნენ, შედით პარლამენტშიო, ხელისუფლებას კი ნაკლებად ეუბნებოდნენ რაღაც ასეთს. ახლა ეს ისარი ხელისუფლებისკენ გადაიწევა და „ქართული ოცნება“ მდგომარეობას დაიმძიმებს. შიდა პოლიტიკურ კრიზისს დაემატება ის, რომ გარედანაც წამოვა კრიტიკული შეფასებები. პარტიების დაფინანსების და საეთერო დროის შეზღუდვა, აკრძალვა, ჩამორთმევა და ასეთი პროცესები არის ის, რაც ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება მიღებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. კრიტიკა ამ კანონპროექტის ავტორების მიმართაც გაიზრდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ამასთან, როგორც პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, სრულიად დარწმუნებულია, რომ ვენეციის კომისიიდან და ეუთო/ოდირიდან ამ კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა ჩამოვა.
„კარგი დასკვნა ნამდვილად არ ჩამოვა. ჩემი აზრით, საკმაოდ კრიტიკული დასკვნა ჩამოვა. მე ასეთი მოლოდინი მაქვს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, თუ ქვეყანა დადგება იმ რეალობის წინაშე, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყდება და პარლამენტს ოპოზიცია არ ეყოლება, ფაქტი იქნება, რომ ქვეყანაში ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო იქნება. მისივე შეფასებით, რეალურად ეს არ იქნება პარლამენტი და საქართველო ვადამდელ არჩევნებს ვერ ასცდება.
„ეს ადრე იქნება თუ გვიან, გაზაფხულზე, შემოდგომაზე თუ მომავალ გაზაფხულზე, ახალ არჩევნებს უბრალოდ ვერ ავცდებით, რადგან შეუძლებელია, ქვეყანა ერთპარტიული პარლამენტის პირობებში იმართოს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, შეთანხმების მიუღწევლობა პრობლემა მხოლოდ ხელისუფლებისთვის არ არის და თუ ოპოზიციამ ამ პროცესის რაღაც შედეგით დასრულება ვერ შეძლო, ეს შეიძლება, მათთვის ძალიან ცუდად დამთავრდეს.
„არ ჩანს, რა გეგმები აქვთ. ეს ნათელი არ არის და ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ შედგა. ამბობენ, რომ კრიზისი იქნება და ველოდებით იმას, როდის დადგება კრიზისი, რომელიც ვერ დაიძლევა. მე, როგორც მოქალაქეს, ნამდვილად არ მინდა, ისეთ კრიზისში შევიდეთ, საიდანაც უბრალოდ, ვერ გამოვალთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
თამარ ჩუგოშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დროს პრეზიდენტს გამაერთიანებლის ფუნქცია უნდა ჰქონდეს, რათა დაყოფისკენ მიმავალი საზოგადოება გაერთიანებისკენ მიმართოს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ამ როლს ვერ ასრულებს.
„ის ამ როლს ვერ ასრულებს. ჩვენთან პრეზიდენტს არ შეუსრულებია ასეთი ფუნქცია და ვერც შეასრულებს იმიტომ, რომ ის არ ითვლება ზეპარტიულ და მიუკერძოებელ აქტორად, რომელსაც არ აინტერესებს კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიღმა რა ინტერესებია და აინტერესებს საზოგადოების გაერთიანება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.