თამარ ჩუგოშვილი - „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გიორგი გახარიასა და შალვა თადუმაძის პარლამენტში დაბარება  გამოძიების პროცესში პოლიტიკური ჩარევაა
თამარ ჩუგოშვილი - „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გიორგი გახარიასა და შალვა თადუმაძის პარლამენტში დაბარება გამოძიების პროცესში პოლიტიკური ჩარევაა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარება გამოძიების პროცესში პოლიტიკურ ჩარევას ნიშნავს.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, თამარ ჩუგოშვილი „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია საკითხს ისე ვერ წარმოაჩენს, თითქოს, პარლამენტი თავს არიდებს ან ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელებას ან ვინმეს დაბარებას.

„ერთ რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ, პარლამენტი ზედამხედველობას რაზე და როგორ ახორციელებს. თქვენ ამბობთ, რომ პირი, რომელიც უშუალოდ საქმეს იძიებს, ნებისმიერ მომენტში მოვიდეს და ტრიბუნიდან გამოძიებაზე მოყვეს, რაც წარმოუდგენელია. ეს არათუ პარლამენტის მანდატში არ შედის, პირიქით, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას ეწინააღმდეგება. ეს სცდება არათუ რეგლამენტის მოთხოვნებს, არამედ ხელისუფლების შტოების დანაწილების პრინციპებსა და ელემენტარულ პრინციპებს, რომ არ შეიძლება, კონკრეტულ მიმდინარე გამოძიებაში პოლიტიკური წნეხი ასე შევიდეს. არ შეიძლება, ამაზე საუბარიც იყოს, რადგან ეს საპარლამენტო ზედამხედველობაში არანაირად არ ჯდება. ამას ისე ვერ წარმოაჩენთ, თითქოს, პარლამენტი თავს არიდებს ან ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელებას ან ვინმეს დაბარებას. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეზე გამოძიების შედეგები და პასუხები იქნება, რადგან ეს პასუხები საჭიროა, მაგრამ პარლამენტის მანდატსა და ტრიბუნას როგორ ვიყენებთ და როგორ გვესმის?! რა საკითხიც დააყენეთ, ეგ ზედამხედველობის განხორციელება არ არის, ეს პოლიტიკური ჩარევაა გამოძიების პროცესში“, – მიმართა უმცირესობას ჩუგოშვილმა.

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გიორგი გახარიასა და შალვა თადუმაძეს იბარებს.