თამარ ჩუგოშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ ზუგდიდში არჩევნებს აგებს, შესაბამისად არეულობის ხელოვნურად შექმნას ცდილობენ
საარჩევნო დღის მოახლოებასთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული ქმედებებით უფრო და უფრო მეტად ცდილობს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლას და მის დისკრედიტაციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში, საზოგადოებამ ოპონენტების მხრიდან საარჩევნო კომისიასთან აჟიოტაჟი და ზუგდიდის საკრებულოს შენობაში არეულობის მოწყობის მცდელობა იხილა, დღეს კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკვე ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობაში შეიჭრნენ ძალადობრივად და ცდილობდნენ კომისიის მუშაობის ჩაშლას.
„ყოვლად მიუღებელია თავდასხმა საარჩევნო კომისიაზე, რომელიც უკვე წლებია ყველანაირი საერთაშორისო შეფასებით გამართულად და კანონის შესაბამისად აორგანიზებს საარჩევნო პროცესს. ჩვენი ოპონენტების მიზანია, სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია და საარჩევნო პროცესის ჩაშალა სწორედ ზუგდიდში, სადაც მათთვის პოზიციების დაკავებას სიმბოლური დატვირთვა აქვს კანდიდატიდან გამომდინარე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორც ჩანს, კარგად იცის, რომ ზუგდიდში არჩევნებს პირველივე ტურში აგებს, შესაბამისად, ისინი სტაბილური საარჩევნო პროცესის დაძაბვას და არეულობის ხელოვნურად შექმნას ცდილობენ. ჩვენი ამოცანაა არჩევნების მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარება. არც ერთი პროვოკაცია, არც ერთი ინციდენტი, რომელიც ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესს, არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. შესაბამის უწყებებს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე უმკაცრესი რეაგირება ექნებათ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, თითოეული დამნაშავე, თითოეული პირი, რომელიც ძალადობას და საარჩევნო პროცესის ჩაშლას შეეცდება, აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, საელჩოებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ სწორედ ზუგდიდის საარჩევნო ოლქს, რადგან უკვე ძალიან მკაფიოდ და ნათლად ჩანს, რომ სწორედ იქ გადაინაცვლებს დაძაბულობის ცენტრი. მოგვიანებით, დღის განმავლობაში ჩვენ გვექნება შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იმ საელჩოებთან, რომლებიც აკვირდებიან ზუგდიდში არსებულ ვითარებას და ასევე იმ მოლოდინებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს არჩევნებთან დაკავშირებით და პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით. მათ მონაწილეობას ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს. მათ შეუძლიათ ხელი შეგვიწყონ ამ პროცესში ესკალაციის თავიდან აცილებაში და მე ვფიქრობ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა იქნება მნიშვნელოვანი ამ კუთხით“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.