თამარ ჩუგოშვილი - მთავრობა ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ცდილობდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელშეწყობას
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ანაკლიის პორტის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ უსაფრთხოების მიმართულებით.
მისი თქმით, ეკონომიკასა და უსაფრთხოებას შორის კავშირს ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს.
„პორტის მშენებლობის დროს ჩაფიქრებული იყო და ვეძებდით კომპანიას, რომელიც შეძლებდა, მთავარ სტრატეგიულ ქვეყანასთან ერთად, ამერიკულ ინვესტორებთან ერთად, ამერიკული ინვესტიციებით პროექტი განეხორციელებინა და პორტი აეშენებინა. ქვეყნის ეს ინტერესი ძალაშია და დღის წესრიგში იქნება, რადგან ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტია“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, მთავრობა ყველა ეტაპზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ მაქსიმალურ ხელშეწყობას ცდილობდა, მათ შორის პირობების გამარტივებით, შეცვლით, გადავადებით და ა.შ.
„ყველა მოთხოვნა ძალიან სერიოზულად იყო მიღებული, რომ მათ შეძლებოდათ ინვესტიციების მოძიება პორტის მშენებლობისთვის. როგორ ახერხებენ ამას, ეს უკვე შეუძლიათ, იმ უწყებებმა გითხრათ, ვინც ამ თემაზე მუშაობს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
დღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პროექტის ფინანსური დახურვის ვადას ექვსი თვით გაუხანგრძლივებს. საქართველოს მთავრობას ანაკლიის პორტის პროექტის ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით ვადების გახანგრძლივების თხოვნით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მიმართა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, რომელიც ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, გუშინ განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” მთავრობა ვალდებულებებს გადაუვადებს და აღნიშნული საკითხი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. მისი თქმით, გაგრძელდება დიალოგი და კომუნიკაცია, რათა კონსორციუმმა შეძლოს აღებული ვალდებულებების შესრულება.