თამარ ჩუგოშვილი - მიხეილ სააკაშვილის განცხადება საქართველოში აკრედიტებული ყველა დიპლომატის შეურაცხყოფაა
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში აკრედიტებული ყველა დიპლომატის შეურაცხყოფად აფასებს.
„ეს განცხადება არის საქართველოში აკრედიტებული ყველა დიპლომატის შეურაცხყოფა და მათი სახელით მანიპულირება. ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან მე დავაორგანიზე და რამდენიმე ადამიანთან ერთად თავიდან ბოლომდე ვესწრებოდი. პრეზიდენტის არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის პოზიციამ გამოიწვია აღფრთოვანება ელჩებში და ამას ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. მან გააჟღერა ზუსტად იგივე პოზიცია, რაც თქვა ეთერში, საჯაროდ, ინტერვიუს დროს. მთლიანად შეხვედრა იყო ძალიან კარგი, ბევრი დადებითი ემოციით და პოზიტიური შეფასებით. ვისაც სიმართლე აინტერესებს, სიმართლე ესაა”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს ელჩებმა ურჩიეს, თუ ის დააყენებდა კანდიდატურას, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი და ის პრაქტიკულად დააშანტაჟეს.
თამარ ჩუგოშვილის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.