თამარ ჩუგოშვილი - მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა იყო განწირული ადამიანის გამოსვლა
მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა იყო განწირული ადამიანის გამოსვლა, – ასე აფასებს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადებებს, რომელიც მიხელ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.
„მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას არ ვიცი, რა ვუწოდო. მე მგონი, ეს არის წარსულის პოლიტიკოსის გამოსვლა. ადამიანის, რომელიც წარსულშია ჩარჩენილი, რომელსაც ნებისმიერ ფასად აქვს განზრახული ძალაუფლების ხელში ჩაგდება. თუმცა ძალიან დიდი ხანია, ის წარსულია, ძალიან ჩამორჩა პროცესებს საქართველოში.
ქართული საზოგადოება ბევრად უფრო შორს წავიდა, ბევრად მეტი მოთხოვნები აქვს – სტაბილურობა, განვითარება, სიმშვიდე, ის კი სთავაზობს არეულობას, რევოლუციას, დაუმორჩილებლობას, სახელმწიფოს ჩამოშლას. ამ არჩევნებშიც გამოჩნდა, რომ ეს არ არის ქართველი ხალხის სურვილი. შესაბამისად, ეს არის განწირული ადამიანის გამოსვლა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ არ აპირებსარჩევნების შედეგების აღიარებას და ამომრჩევლებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.