თამარ ჩუგოშვილი - მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო გადაწყვეტილება რეგულაციებს არ გამორიცხავს
თამარ ჩუგოშვილი - მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო გადაწყვეტილება რეგულაციებს არ გამორიცხავს

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, რეგულაციებს არ გამორიცხავს. პარლამენტი დაუყოვნებლივ დაიწყებს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას,-ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„საკონსტიტუციო სასამართლომ ჩემთვის პირადად მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. რეალურად მივიღეთ მოხმარების ლეგალიზება, რადგან არანაირი სანქცია, არც სისხლის სამართლებრივი და არც ადმინისტრაციული, აღარ არსებობს. ბუნებრივია, რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას არ ვემხრობი, მაგრამ მეორეს მხრივ, დაუყოვნებლივ გვჭირდება სერიოზული რეგულაციები, რათა ეს სივრცე დაურეგულირებელი არ დარჩეს. პარლამენტი დაუყოვნებლივ დაიწყებს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს , რომ რეგულაციები არ უნდა მოხდეს. პირიქით, ჩემი აზრით,  აუცილებელიც არის. რა გზით წავა პარლამენტი, ამაზე ჯერ საუბარი გამიჭირდება, თუმცა გარკვეული რეგულაციები იქნება ,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის“ წევრების, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის არსებული ყველა სანქცია არაკონსტიტუციურად ცნო.