თამარ ჩუგოშვილი - მაქსიმალურად ვეცდებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ახალი წევრების დანიშვნას საზოგადოების ნდობა ჰქონდეს
თამარ ჩუგოშვილი - მაქსიმალურად ვეცდებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ახალი წევრების დანიშვნას საზოგადოების ნდობა ჰქონდეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სამეურვეო საბჭოს ახალი წევრების დანიშვნა მნიშვნელოვანი ეტაპია.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ბორდის წევრობის კანდიდატების შერჩევის მიზნით საკონკურსო კომისიას დაამტკიცებს.

„რეგლამენტით, საბჭოს შემადგენლობაში წევრების განსაზღვრისთვის კონსულტაცია ოპოზიციასთან და სახალხო დამცველთან უნდა გავიაროთ. კარგი იქნება, თუ ისინი თავიანთ კანდიდატებს წარმოადგენენ და წევრები წარმოდგენილნი იქნებიან არა მხოლოდ უმრავლესობის კონსულტაციების შედეგად, არამედ პირდაპირ იმ ადამიანების შერჩევა მოხდება, ვისაც ოპოზიციაც ეთანხმება და სახალხო დამცველიც სწორად მიიჩნევს.

ვინაიდან, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე ბოლო პროცესებმა კითხვები გააჩინა, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ბორდის ახალი წევრები ისე დაინიშნონ, რომ საზოგადოებას პროცესის მიმართ ნდობა ჰქონდეს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.