თამარ ჩუგოშვილი - მაქსიმალურად ვეცდებით, ეუთო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები კანონმდებლობაში აისახოს
ჩვენი მიზანი და სურვილია ეუთო-ს და სხვა საერთაშორისო ორაგანიზაციების რეკომენდაციების მაქსიმალურად გათვალისწინება, – ამის შესახებ სააჩევნო რეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები 2019 წელს უნდა შევიდეს.
„ჩვენი მზაობა, მიზანი და სურვილი ეუთო-ს და ეუთო-თან ერთად, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების მაქსიმალურად გათვალისწინებაა. 2019 წელი გვაქვს იმისთვის, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიტანოთ. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სასურველია, არჩევნებთან ახლოს ცვლილებები არ განხორციელდეს. წესით, სასურველია, 2020 წელს ცვლილებები აღარ მოხდეს და შესაბამისად, კანონმდებლობაში ცვლილებები მანამ შევიდეს. ეს ნიშნავს, რომ წლის დასრულებამდე წესით, ჩვენ უნდა მოვასწროთ და მაქსიმალურად ვეცდებით, ყველა რეკომენდაცია, რომელიც ეუთო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნაშია მოცემული, კანონმდებლობაში ასახული იყოს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, შესაბამისად, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით პრეტენზიას და წუხილებს არანაირი საფუძველი არ აქვს.
„ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომელიც ავიღეთ და პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს პროცესს, რომელმაც ცვლილებების კანონმდებლობაში შეტანა უნდა უზრუნველყოს“, – აღნიშნა ჩუგოშვიმა.
ამასთან, მისი თქმით, ქართულ მხარეს არჩევნებთან დაკავშირებით ახალი ოფიციალური რეკომენდაციები არ მიუღია და დოკუმენტი, რომელზეც ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი საუბრობდა, ოფიციალური რეკომენდაცია არ არის.
„ქართულ მხარეს ახალი ოფიციალური რეკომენდაციები არ მიუღია. არ ვიცი, სალომე სამადაშვილი გუშინ რა დოკუმენტს აფრიალებდა. მსგავსი დოკუმენტი ჩვენამდე არ მოსულა და მას საიდან აქვს, ვერ გეტყვით. საელჩოებთან ეს ინფორმაცია გადავამოწმე, არც ერთ საელჩოს არ გამოუგზავნია. ალბათ, საელჩოებს უნდა ჰკითხოთ სალომე სამადაშვილთან რაღაც ფურცელი საიდან აღმოჩნდა, რადგან ამ ყველაფერს მეტს ვერაფერს ვუწოდებ. დოკუმენტი, რომელზეც სალომე სამადაშვილი საუბრობდა, ოფიციალური რეკომენდაციები არ არის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.