თამარ ჩუგოშვილი - მადლობა მაია ცქიტიშვილსა და დეპუტატებს, რომლებიც საქმიანად იყენებენ პარლამენტის გაზრდილ საზედამხედველო ფუნქციებს
იმედია, დღევანდელი დღე ახალი, მნიშვნელოვანი, ძლიერი საპარლამენტო პრაქტიკის დასაბამი გახდება, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის პარლამენტში გამოსვლა.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, სათავე დაედო ახალ პრაქტიკას, პირველად ჩატარდა მინისტრის საათი, რომელიც ახალი საზედამხედველო მანდატია პარლამენტისთვის.
„გამოწვევა პირველმა მიიღო ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა. განხილვა ცხრა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, უჩვეულოდ კონსტრუქციული და საქმიანი იყო. ეს განხილვა იმითიც გამოირჩეოდა, რომ პირველმა ქალმა ვიცე-პრემიერმა კითხვებთან ერთად, თითქმის ყველა პარლამენტარისგან მიიღო აღიარება და მადლობა გაწეული სამუშაოსთვის. მართალია, ისიც უთხრეს, ქალისთვის ასეთი მძიმე სამსახურის ჩაბარება მართებული არ არისო, მაგრამ დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ ეს ძალიან მცდარი სტერეოტიპია. მადლობა მინდა გადავუხადო მაია ცქიტიშვილს და ყველა პარლამენტის წევრს, რომლებიც კონსტუქციულად და საქმიანად იყენებენ პარლამენტის გაზრდილ საზედამხედველო ფუნქციებს. იმედია, დღევანდელი დღე ახალი, მნიშვნელოვანი, ძლიერი საპარლამენტო პრაქტიკის დასაბამი გახდება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.