თამარ ჩუგოშვილი - ლილიან მორი პასკიე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აქცენტს გააკეთებს იმაზე, რას მიაღწია საქართველომ 20 წლის განმავლობაში
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აქცენტს გააკეთებს იმაზე, რას მიაღწია საქართველომ 20 წლის განმავლობაში.
როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს ევროპის საბჭოს წევრობას ეძღვნება.
მისი თქმით, ლილიან მორი პასკიე უმაღლესი რანგის შეხვედრებს გამართავს, მათ შორის შეხვდება პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და საპარლამენტო ასამბლეის წევრებს.
„მნიშვნელოვანი იქნება ხვალინდელი გამოსვლა პარლამენტის სხდომაზე, რაც იშვიათობაა ხოლმე. ეს პარლამენტში მხოლოდ საგანგებო სტუმრებისთვის ხდება. აქცენტი გაკეთდება იმაზე, საქართველომ რას მიაღწია 20 წლის განმავლობაში და ევროპის საბჭო განვითარების გზაზე საქართველოს მხარს როგორ უჭერდა. შესაძლოა, საუბარი იმ გამოწვევებზეც იყოს, რაც რუსეთის ფედერაციისგან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სახით გვაქვს. კერძოდ, რა პრობლემების წინაშეც ვდგავართ. ალბათ, გამოსვლა ამაზეც იქნება”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ლილიან პასკიე დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და ქართველ დეპუტატებსაც შეხვდა. ჩუგოშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასაც შეეხო.
„კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არანაირი მონიტორინგის სისტემის არარსებობას. ადამიანები მძიმე მდგომარეობაში არიან და არათუ მათ პრობლემებზე ზრუნვა ვერ ხერხდება, არამედ მონიტორინგიც არ ხდება და საერთაშორისო საზოგადოებას არსებულ ვითარებაზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. ესეც პრობლემაა, ევროსაბჭოს ეკუთვნის და მისი ვალიც არის, რომ ამ მიმართულებით აქტიური იყოს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.